- ნიგერიელმა ფორვარდმა ბოლონიასთან მატჩში შეცვლის გამო უკმაყოფილება გამოხატა
- მას დასჯას უპირებდნენ, თუმცა, ვიქტორმა მწვრთნელს ბოდიში მოუხადა
- მსგავს ამბავში ხვიჩა კვარაცხელიაც იყო გარეული, თუმცა, ისიც არ დაუსჯიათ
იტალიური ნაპოლის წამყვანი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი სასჯელს გადაურჩა. კლუბმა სანქციები დღის წესრიგიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ნიგერიელი ფორვარდი ნეაპოლელთა ბაზაზე მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას შეხვდა და ბოდიში მოუხადა.
ოსიმენმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება მას მერე, რაც ბოლონიასთან უგოლოდ დასრულებული მატჩის მიწურულს შეცვალეს. აფრიკელმა ვარსკვლავმა 73-ე წუთზე პენალტი ააცილა, 86-ეზე კი ნეაპოლელთა თავკაცმა მის ნაცვლად მინდორზე ჯოვანი სიმეონე გაიყვანა.
ამ ფაქტმა ოსიმენი აშკარად გააბრაზა და მთავარ მწვრთნელს ხელების ქნევით ჩაუარა, თანაც მისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მუდმივი შეცვლების გამო, მწვრთნელის მიმართ უკმაყოფილება არც ხვიჩა კვარაცხელიას დაუმალავს, თუმცა, მის მიმართ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ახლა კი, საგანგებო შეხვედრა გახდა საჭირო.
ნაპოლიში თვლიან, რომ ფეხბურთელების უარყოფითმა რეაქციებმა უკვე ხშირი ხასიათი მიიღო და გუნდში დისციპლინის გამკაცრებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია კიდევ უფრო აირევა. სხვათა შორის, ოსიმენთან საუბარი ნეაპოლელთა კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსაც ჰქონდა და როგორც იუწყებიან, ის მშვიდი ნამდვილად არ ყოფილა.
ზოგადად, მიმდინარე სეზონში ნაპოლისა და მისი ლიდერების საქმეები არცთუ კარგად მიდის. იტალიის მოქმედი ჩემპიონი სერია A-ში 8 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზეა, თანაც უკვე 3 მატჩია არ მოუგია. ოსიმენს ყველა ტურნირზე ერთად აღებული 3 გოლი აქვს გატანილი, კვარაცხელიას შემთხვევაში კი უარესი ვითარებაა: ხუთ მატჩში ერთადერთი საგოლე პასი.
ნეაპოლელები შიდა პირველობაზე მომდევნო მატჩს უკვე ოთხშაბათს, 27 სექტემბერს ჩაატარებენ, როდესაც უდინეზეს უმასპინძლებენ. შაბათს, 30 სექტემბერს, ლეჩესთან გასვლითი შეხვედრაა, 3 ოქტომბერს კი, ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მადრიდის რეალი ითამაშებს.
კომენტარები