Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თსუ ბენფიკასთან განადგურდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ბენფიკა 122:62 თსუ (25:15, 32:17, 36:18, 29:12)
  • თსუ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი, თბილისის თსუ პორტუგალიის ჩემპიონ ლისაბონის ბენფიკასთან 62:122 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. უნივერსიტეტელებმა ყველა მეოთხედი წააგეს და მეტოქეს წინააღმდეგობა ვერცერთ კომპონენტში ვერ გაუწიეს. 

პირველი მეოთხედი ბენფიკამ 25:15 მოიგო - ეს იყო ყველაზე დაბალი სხვაობა მეოთხედებს შორის. მეორე მეოთხედში პორტუგალიელებმა ტემპს უმატეს და 32:17 გაიმარჯვეს, ტაიმი, კი 57:32 მოიგეს. 

თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა - თსუ-ს შეტევაში ძალიან უჭირდა, კარგად საქმეები ვერც დაცვაში მიდიოდა. მესამე მეოთხედში პორტუგალიელებმა მატჩის სარეკორდო, 36 ქულა ჩააგდეს - თბილისელებმა, კი მეტოქის კალათში 18 ქულა მოათავსეს. ბოლო მეოთხედი ბენფიკამ 29:12 მოიგო, ჯამში 122:62 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები 19-19 ქულით ბენფიკას მცველი ტონი დუგლასი და თსუ-ს ცენტრი გიორგი ტურძილაძე გახდნენ, თუმცა ამერიკელმა პარკეტზე 11 წუთით ნაკლები გაატარა. თსუ-ს რიგებში 10 ქულა ჩააგდო ალექსანდრე ფევაძემ, საქართველოს ჩემპიონის სხვა წევრები ორციფრიან ნიშნულამდე ვერ ავიდნენ. 

ქართული კალათბურთის ისტორიაში თსუ პირველი გუნდია, რომელმაც FIBA-ს საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონი დამარცხდა, ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა მაინც აქვს. ფიბას რეგლამენტის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო სტადიიდან გამოვარდნილ გუნდებს ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება აქვთ - ამისათვის მხოლოდ ტურნირზე მონაწილეობის განაცხადის გაკეთებაა საჭირო. დიდი ალბათობით, თსუ ასპარეზობას, სწორედ FIBA Europe Cup-ზე განაგრძობს.

კომენტარები

ბოლო ამბები