Thumbnail
  • ფულვიო კოლოვატიმ ნაპოლიში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა
  • მსოფლიოს ჩემპიონის აზრით, კვარაცხელია და ოსიმენი ცუდად მოიქცნენ

ნაპოლიმ 2023/24 წლების სეზონი წარუმატებლად დაიწყო - რუდი გარსიას გუნდს ძალიან უჭირს და სერია A-ში უკვე 3 ტურია არ მოუგია. ბუნებრივია, "აძური" იტალიაში ყურადღების ცენტრშია და მის შესახებ აზრს სპეციალისტები აფიქსირებენ.

ამჯერად ნაპოლიზე იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფულვიო კოლოვატიმ ისაუბრა:

"როდესაც ნაპოლის ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწია, გასაგები იყო, რომ ლუჩანო სპალეტის ნებისმიერ მემკვიდრეს გაუჭირდებოდა, რადგან გასული სეზონის "სკუდეტო" გუნდმა 16-ქულიანი უპირატესობით მოიგო, რაც რაღაც ისტორიული, განუმეორებელი ფაქტი იყო", - თქვა კოლოვატიმ.

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გააკრიტიკა, შეცვლებზე მათ მიერ გამოვლენილი რეაქციის გამო:

"მე ამ მომენტში კვარას და ოსიმენს 3-4 თამაში სათადარიგო სკამზე დავტოვებდი იმის გამო, თუ როგორ მოიქცნენ ისინი. როგორ ბედავენ ისინი და ასე განიხილავენ გარსიას არჩევანს? მწვრთნელს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მას სურს, შემდეგ კი, შეცდომის შემთხვევაში საფასურის გადახდა მას მოუწევს. ანგისაც ფორმაში არ არის, ლობოტკა მოედანზე დადის, მოტივაციის პრობლემაა. მწვრთნელსაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა, მაგრამ კვარას და ოსიმენის მსგავს ელემენტებს, გადაცემათა კოლოფის შეცვლა სჭირდებათ".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ნაპოლის სერია A-ში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა, მომდევნო შეხვედრას კი 27 სექტემბერს, შინ უდინეზესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები