Thumbnail
  • პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა ლიონელ მესის უპასუხა
  • ნასერ ალ-ხელაიფი ფიქრობს, რომ ლეო დააფასეს

ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენში აღარ თამაშობს, მაგრამ არგენტინელი სუპერვარსკვლავის დაპირისპირებას პარიზულ გრანდთან ბოლო არ უჩანს.

მას შემდეგ, რაც 36 წლის ლეომ ფრანგული გრანდი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მას პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ უპასუხა. როგორც იცით, მესი ამბობდა, რომ ის პარიზში ისე არ დააფასეს, როგორც იმსახურებდა - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

“ყველას შეეძლო ენახა და ვიდეოც დავპოსტეთ, როგორი ზეიმით დავხვდით მესის ვარჯიშზე, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩვენთან პირველად დაბრუნდა. ჩვენ მისი ჩემპიონობა ვიზეიმეთ, პსჟ-ს ფეხბურთელებმა მისი მიღწევა დააფასეს.” - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.

'პსჟ-ს, როგორც ფრანგულ კლუბს, პატივი უნდა ეცა საფრანგეთისთვის, რომლის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან დამარცხდა'

როგორც ჩანს, ეს მესისთვის საკმარისი არ იყო. მას სურდა, რომ მსოფლიო თასით “პარკ დე პრენსზე” საპატიო წრე ჰქონოდა და ყველა ფეხბურთელისთვის სანატრელი ტიტული პსჟ-ს ფანების თვალწინ წარედგინა. მაგრამ ამ სურვილიდან არაფერი გამოვიდა. პსჟ-ს ბოსი ფიქრობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

“უდიდესი პატივისცემის მიუხედავად: ჩვენ ფრანგული კლუბი ვართ და მესის მსოფლიო თასი ჩვენს სტადიონზე რომ გამოეტანა, ეს, რა თქმა უნდა, სენსიტიური ამბავი იქნებოდა. პსჟ-ს, როგორც ფრანგულ კლუბს, პატივი უნდა ეცა საფრანგეთისთვის, რომლის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან დამარცხდა.” - აცხადებს ალ-ხელაიფი.

ლიონელ მესი ზაფხულში MLS-ის კლუბ ინტერ მაიამიში გადავიდა. შეგახსენებთ, რომ მან პსჟ-ს ფორმით 75 ოფიციალურ მატჩში 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე პასი გააკეთა. MLS-ში ორლანდო სიტისთან ბოლო მატჩი (1:1) ლეომ ტრავმის გამო გამოტოვა. ინტერ მაიამის მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო იმედოვნებს, რომ მესის ტრავმა სერიოზული არ არის და ლეო მოედანს მალე დაუბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები