Thumbnail
  • ალმერიასთან 8 სეივის წყალობით. გიორგი ლა ლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა
  • ვალენსიას ზედიზედ 48 თამაშში სასტარტო მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო 
  • 22 წლის ქართველისთვის ბეტისთან მატჩი შესაძლოა გამორჩეული აღმოჩნდეს 

ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი გამოსვლა გრძელდება. 22 წლის ქართველი მეკარე თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს თავის კლასს და ახალ-ახალი მიღწევებით ამდრიდებს თავის კარიერას. გიორგიმ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ლა ლიგის მე-6 ტურში ჩაატარა, რომელშიც ვალენსიამ სტუმრად ალმერიასთან ქულა მოიპოვა (2:2). 

Whoscored-მა "მამარდას" თამაში, რომელსაც 8 სეივი ჰქონდა, 7.9 ბალით შეაფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

თავის მხრივ, ესპანური გამოცემა AS ქართველ მეკარეს სტატიას უძღვნის, რომელშიც საყურადღებო ფაქტის შესახებ გვამცნობს - თუკი გიორგი რეალ სოსიედადთან შეხვედრაში (27 სექტემბერს) ძირითადში ითამაშებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, უკვე მომდევნო ტურში, სტუმრად ბეტისთან მატჩში (1-ელ ოქტომბერს), ის ვალენსიას სასტარტოში ზედიზედ 50-ედ მოხვედრას აღნიშნავს.

"მამარდაშვილმა ალმერიასთან თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მას შემდეგ, რაც ვალენსიას მეკარე გახდა. ამაზე ციფრები მეტყველებს. ქართველმა მეკარემ 8 სეივი შეასრულა. ეს მისი, როგორც მეკარის პირადი რეკორდია იმ მატჩებში, რომლებშიც ვალენსია გატანას ახერხებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოფილა თამაშებიც, რომლებშიც მას უფრო მეტჯერაც გადაურჩენია კარი, მაგრამ იმ დუელებში ვალენსია მარცხდებოდა. დასანანი ის არის, რომ გიორგის ამ რვა სეივიდან ორის შემდეგ ბურთი არიბასის ფეხებთან აღმოჩნდა, რომელმაც ორივეჯერ გაუტანა. 
 
შეიძლება ითქვას, ეს სეზონი მამარდაშვილის მომავლისთვის გადამწყვეტია. გასულ ზაფხულს პიტერ ლიმს (ვალენსიას პრეზიდენტი) მეკარის ტრანსფერზე დამაკმაყოფილებელი შეთავაზება არ მიუღია, მაგრამ გიორგი თუ ასე გამოსვლას გააგრძელებს, მომავალ წელს ლიმი აუცილებლად მიიღებს საკადრის წინადადებას.

არიბასის გოლებში მამარდაშვილს ვერავინ დაადანაშაულებს

ვალენსიას ბოლო მატჩები, რომლებშიც მამარდაშვილი ვალენსიას სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, 2021/22 წლების სეზონის მიწურულს გაიმართა. მაშინ ბორდალასმა ბოლო ორ თამაშში (ესპანიოლსა და სელტასთან) ნდობა ხაუმეს გამოუცხადა, რამდენადაც გუნდი გავარდნას გადარჩენილი იყო და თასის ფინალიც უკვე ჩავლილი იყო.  

მას შემდეგ ქართველმა მეკარემ ითამაშა 2022/23 წლების ჩემპიონატის 38-ივე შეხვედრაში, ესპანეთის სუპერთასის 1/2-ფინალში რეალთან და 3 მატჩში თასზე. ის გატუზომ მხოლოდ ბოლო 12 წუთით შეცვალა ლა ნუსიასთან სათასო მატჩში, რითაც თამაშის საშუალება აიგო ერენინს მისცა. 

მამარდაშვილი შეუცვლელია ამ სეზონშიც (6 მატჩი) და ჯამში, მეკარეს ვალენსიას სასტარტო შემადგენლობაში უკვე ზედიზედ 48 შეხვედრა აქვს დაწყებული და თუკი ხვალ რეალ სოსიედადთანაც ითამაშებს, კვირას, ბეტისთან დაპირისპირებაში ამ მაჩვენებლის 50-მდე დამრგვალების შანსი მიეცემა", - წერს გამოცემა.

რუბენ ბარახას გაწვრთნილ ვალენსიას ლა ლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში 10 ქულა ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. ქართველმა მეკარემ ამ 6 შეხვედრაში ამდენივე გოლი გაუშვა, 2 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები