Thumbnail

ფიჯის სარაგბო ნაკრებს საუკეთესო დროება უდგას და მსოფლიო თასის მეოთხედფინალის საგზურსაც ძალიან ცოტა აშორებს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კუნძულელები შედეგები გამოასწორეს, უმაღლეს დონეზე აყვანილი დისციპლინაა. თუკი ადრე ფიჯელები ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ და მათთვის ბარათებიც არ იყო უცხო, ახლა, ძალიან ყურადღებით თამაშობენ და ამას დიდი სარგებელი მოაქვს.

როგორც ფიჯელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გლენ ჯეკსონი ამბობს, საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრაში ძირითადი აქცენტი ისევ დისციპლინირებულ თამაშზე გაკეთდება და თუკი ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იქნა, სარაგბო უნარები "მფრინავ ფიჯელებს" ისეთი დონეზე აქვთ აყვანილი, გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ.

საინტერესოა, რომ ახალზელანდიელი ჯეკსონი ყოფილი მორაგბე და რაც მთავარია, ექს-არბიტრია, რომელსაც საერთაშორისო დონეზე ასზე მეტი მატჩი უმსაჯია. სწორედ ამიტომაა, რომ მისი რჩევები ფიჯელი მორაგბეებისთვის ფასდაუდებელია და ისინიც ერთ-ერთი დამრიგებლის რჩევებს უსიტყვოდ ასრულებენ. აი, რა თქვა ჯეკსონმა ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ.

მიმდინარე მსოფლიო თასზე ფიჯელთა ერთადერთი ყვითელი ბარათი ლეკიმა ტაგიტაგივალუმ მიიღო

"არც ვმალავთ, რომ ჩვენი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი გამოსწორებული დისციპლინა გახდა. უკანასკნელი 4 მატჩია, 10 ჯარიმაზე მეტს არ ვიღებთ და ეს, ჩვენთვის ძალიან მაგარი მაჩვენებელია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საფრანგეთთან 9-ჯერ დავჯარიმდით, იაპონიასთან, ინგლისთანა და ავსტრალიასთან კი მხოლოდ 7-7-ჯერ. ადრე ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო, ამდენად, მიზნად სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა დავისახეთ და შედეგსაც მივაღწიეთ.

მთავარი მწვრთნელი საიმონ რაივალუი ამბობს, რომ ფიჯის ნაკრებმა საკუთარ სტილს არ უნდა უღალატოს, თუმცა, არც დისციპლინა უნდა დაგვავიწყდეს. მეტოქისთვის ჩვენს 22-ში შემოსვლა ურთულესი საქმე უნდა იყოს, მაგრამ ეს ჯარიმების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ. ამ მსოფლიო თასზე ერთადერთი ყვითელი ბარათი გვავს მიღებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოსთანაც ასე უნდა გავაგრძელოთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის ნაკრებთა მატჩი 30 სექტემბერს ბორდოშია დაგეგმილი და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და ფიჯისთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული აქვთ. აი, ბორჯღალოსნებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნიათ და ტურნირზე პრესტიჟის გამარჯვებისთვის თუ იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები