- რუდი გარსიას გაწვრთნილ ნაპოლის სეზონის სტარტი არადამაჯერებელი გამოუვიდა
- იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს
- ოსიმენი სასჯელს გადაურჩა, თუმცა, ნაპოლიში სიტუაცია ისევ არეულია
როგორც იტალიის ჩემპიონ ნაპოლის, ისე მის მთავარ ვარსკვლავებს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას, საქმეები კარგად არ მისდით და იტალიურ მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია გუნდიდან რუდი გარსიას ვადამდე შესაძლო გაშვებასთან დაკავშირებით.

ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანლობით ნეაპოლელებმა სერია A-ში ჩატარებული 5 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 1 დათმეს და 8 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფებიან. არასახარბიელო შედეგებს ემატება არცთუ იდეალური ურთიერთობა მწვრთნელსა და ვარსკვლავ ფეხბურთელებს შორის.
ნაპოლიდან რუდი გარსიას შესაძლო გაშვებაზე იტალიურმა მედიამ უკვე დაწერა, რომლის ცნობით, კლუბის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი უკმაყოფილოა სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგებით და თუკი ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე მდგომარეობა არ გამოსწორდება, 59 წლის სპეციალისტს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ფრანგის სავარაუდო შემცვლელად ნეაპოლში ორ დაუსაქმებელ სპეციალისტს განიხილავენ, მათგან უმთავრესი კი მარსელის ოლიმპიკის ყოფილი მწვრთნელი იგორ ტუდორია. 45 წლის ხორვატს იტალიაში იუვენტუსში მწვრთნელის ასისტენტად, უდინეზესა და ვერონაში კი მთავარ მწვრთნელად უმუშავია.
მეორე სპეციალისტი კი, ვისაც შეიძლება ნაპოლი ჩააბარონ, პარი სენ-ჟერმენის ყოფილი დამრიგებელი კრისტოფ გალტიეა. 57 წლის სპეციალისტს ასევე უმუშავია მარსელში, სენტ-ეტიენში, ლილსა და ნიცაში.

ნაპოლი მომდევნო მატჩს შინ 27 სექტემბერს, უდინეზესთან ჩაატარებს, ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე კი კიდევ 3 შეხვედრას გამართავს - სერია A-ში ლეჩესა (30 სექტემბერს) და ფიორენტინასთან (8 ოქტომბერს) ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში კი, 3 ოქტომბერს, "დიეგო არმანდო მარადონაზე" მადრიდის რეალს მიიღებს.
კომენტარები