Thumbnail

ვირტუს ბოლონიასა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია იტალიის სუპერთასის ოცნების გუნდში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ შენგელია მინი-ტურნირის უძვირფასეს მოთამაშედაც (MVP) აღიარეს, ამდენად, მისი სიმბოლურ ხუთეულში გამოჩენა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

Dream Team-ში ადგილები თოკოს თანაგუნდელებს ალესანდრო პაიოლას, მარკო ბელინელისა და ჯორდან მიკისაც ერგოთ, ერთადერთი კალათბურთელი კი, რომელიც ვირტუსს არ წარმოადგენს, იტალიელი მცველი ამედეო დელა ვალეა ბრეშადან.

შეგახსენებთ, რომ ბოლონიამ სუპერთასის ნახევარფინალში უმთავრეს კონკურენტ ოლიმპია მილანოს 78:73 სძლია, შენგელიამ კი 13 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ფინალში თოკო კიდევ უფრო უკეთესი იყო. ბოლონიელებმა ბრეშა 97:60 გაანადგურეს, ხოლო ქართველი მძიმე ფორვარდის მონაგარი 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი გახლდათ.

ვირტუსს სერია A-ს სასტარტო მატჩი 1 ოქტომბერს სკაფატისთან ელის, ევროლიგის ახალ სეზონში კი, 5 ოქტომბერს, კაუნასის ჟალგირისთან საშინაო თამაშით ჩაებმება.

კომენტარები

ბოლო ამბები