Thumbnail

'ეს მიუღებელია' - ოსიმენმა ნაპოლის ყველა ფოტო წაშალა და გუნდს უჩივის

ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფილის ფოტო
ალექსანდრე ჯავახიშვილი
  • ნიგერიელი ფეხბურთელი აპირებს, რომ თავის გუნდს უჩივლოს
  • ნაპოლიმ მასზე დამცინავი ვიდეო გამოაქვეყნა, შემდეგ კი, წაშალა

UPDATE: ქაოსი, სკანდალი და არეულობა "პარტენოპეიში" გრძელდება. მას შემდეგ, რაც ნაპოლიმ ოსიმენის დამცინავი და დამამცირებელი ვიდეო გამოაქვეყნა, ნიგერიელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამის თავისი გვერდიდან გუნდის ყველა ფოტო და ვიდეო წაშალა.

ამავდროულად, sscnapoli24h-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს სასტუმროში მისული ვიქტორ ოსიმენი შესასვლელთან მყოფ თანაგუნდელებს, მათ შორის პიოტრ ჟელინსკისა და დიეგო დემეს, სალმის გარეშე და უყურადღებოდ.  

ნაპოლის ნიგერიელმა ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა, შესაძლოა, თავისი გუნდის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს, - ამის შესახებ 24 წლის ნიგერიელის აგენტი, რობერტო კალანდა სოციალურ ქსელში წერს.

საქმე იმაშია, რომ ნაპოლიმ ოსიმენზე TikTok-ის ოფიციალურ გვერდზე დამცინავი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგ წაშალა.

"რაც დღეს ნაპოლის TikTok-ის ოფიციალურ გვერდზე მოხდა, მიუღებელია. ვიდეო, რომელშიც ვიქტორს დასცინიან, ჯერ გამოქვეყნდა, შემდეგ კი, მოგვიანებით, წაიშალა. ეს სერიოზული შემთხვევაა, რომელიც ფეხბურთელს ზიანს აყენებს და ემატება იმას, რასაც ის ბოლო პერიოდში მედიაში გარჩევებისა და ფეიკ ნიუსების გამო განიცდის. ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიქტორის დასაცავად მივიღოთ სამართლებრივი ზომები და ნებისმიერი სასარგებლო ინიციატივა", - წერს ოსიმენის აგენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის TikTok-ის ოფიციალურ გვერდზე ეს ვიდეო წაიშალა, სხვადასხვა მომხმარებელმა მისი გადმოწერა და შენახვა მოახერხა, შესაბამისად, ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში აღნიშნულია ბოლონიასთან მატჩის ეპიზოდი, რომელშიც ის ჯერ პენალტის დანიშვნას ითხოვს, შემდეგ კი ურტყამს და ბურთს კარს აცილებს.

კომენტარები

ბოლო ამბები