Thumbnail

ტაისონი ნგანუს ავარჯიშებს და ფიქრობს, რომ ფიურის სანერვიულო აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრენსის ნგანუს ტაისონ ფიურისთან ჩხუბისთვის მაიკ ტაისონი ამზადებს
  • რკინის მაიკი შეგირდის ვარჯიშით კმაყოფილია და სიურპრიზებს გვპირდება

კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონი ამ დღეებში UFC-ს ლეგენდას, ფრენსის ნგანუს ავარჯიშებს. როგორც იცით, ეს უკანასკნელი 28 ოქტომბერს კრივში მძიმე წონის მსოფლიოს ჩემპიონ ტაისონ ფიურის უნდა დაუპირისპირდეს საჩვენებელ ბრძოლაში, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. ჩხუბი კრივის წესებით გაიმართება და ყველა ელოდება, რომ ფიური ნგანუს მარტივად მოუგებს, მაგრამ “რკინის მაიკი” ასე არ ფიქრობს.

“ფრენსისი მაქსიმალური კონცენტრაციით ვარჯიშობს, მაგრად მუშაობს. ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა ბევრს გააოცებს. არ ვიცი, რამდენად ნერვიულობს ფიური, მაგრამ ვიცი, რომ მას ნამდვილად აქვს ნერვიულობის მიზეზი,” - განაცხადა მაიკ ტაისონმა.

'რკინის მაიკი' ნგანუს ვარჯიშით კმაყოფილია

ლას ვეგასში გამართული მორიგი ვარჯიშის შემდეგ ლეგენდარული მოკრივე ძალიან ამაყი ჩანდა იმით, რასაც 37 წლის ნგანუ მისი რჩევების შედეგად აკეთებს. მაიკის მეთვალყურეობით ვარჯიშით კმაყოფილია თვითონ UFC-ს ლეგენდაც: “როცა გვერდით მაიკ ტაისონი გყავს, სხვა თუ არაფერი, ეს ფსიქოლოგიური დახმარებაა. ხანდახან არ მჯერა, რომ მართლა მაიკი მავარჯიშებს,” - აღნიშნა ნგანუმ.

“ფრენსისი ფიზიკურად ბევრად ძლიერია, ვიდრე ის. ბრძოლას მოუთმენლად ველოდები,” - ეს ტაისონის სიტყვებია. ნგანუ “ბოშათა მეფესთან” ჩხუბის სურვილს დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდა, რამდენიმე თვის წინ ფიურიმ “მტაცებელი” გამოიწვია და მას გალიაში ბრძოლაც კი შესთავაზა.

ტაისონი ნგანუს კრივის წესებით ჩხუბისთვის რჩევებს აძლევს

ტაისონ ფიური რინგზე ბოლოს 2022 წლის დეკემბერში იყო, როცა თანამემამულე დერეკ ჩისორა ლონდონში მეორედ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. მას შემდეგ ფიურის მხარე მოლაპარაკებებს უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან აწარმოებდა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები