- იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ ლუკა ბარალდიმ თორნიკეზე საუბრა
- 31 წლის ქართველ კალათბურთელი იტალიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია
- შენგელიას ორმაგი დუბლით - ვირტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო
სულ ახლახან თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონიასთან ერთად იტალიის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო. ბოლონიელებმა ნახევარფინალსა და ფინალში, შესაბამისად, ოლიმპია მილანოს და ბრეშას აჯობეს და ტიტული მოიპოვეს, 31 წლის ქართველი კალათბურთელი კი მინი-ტურნირის МVP-ად დასახელდა.
ზაფხულში თორნიკე ვირტუსის დატოვებასთან ახლოს იყო. მისით ბერძნული პანათინაიკოსი და სერბული ცრვენა ზვეზდა სერიოზულად ინტერესდებოდნენ, მაგრამ იტალიურმა კლუბმა ქართველი მძიმე ფორვარდის გაყიდვაზე უარი თქვა.

სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ ვირტუს ბოლონიას გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ გუნდში თორნიკე შენგელიას როლზე ისაუბრა.
"ამ პატარა გამარჯვებას მასთან ერთად მივაღწიეთ. შენგელიას იმდენი მიმზიდველი წინადადება ჰქონდა, რომ სერიოზულად ფიქრობდა წასვლაზე. მას კონკურენტუნარიან გუნდში თამაში სურდა. ჩვენ ვისაუბრეთ მასთან და ავუხსენით, რომ ჩვენი გუნდიც კონკურენტუნარიანია, რაშიც დარწმუნდა და ეს გამოჩნდა კიდეც.
ის ბრწყინვალე, არამხოლოდ ტექნიკური თვისებებით გამორჩეული მოთამაშეა. ვუთხარით მას, რომ ბელინელისა და ჰაკეტთან ერთად, ის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს იმ ახალგაზრდული გუნდისა, რომელზეც მომავლის ვირტუსის აშენება გვსურს", - აქვეყნებს ბარალდის სიტყვებს იტალიური მედია.
თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ღირსებას 2022 წლიდან იცავს, სადაც მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ გადავიდა და კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანს კარიერის განმავლობაში უთამაშია NBA-ს კლუბებში: ბრუკლინ ნეტსსა და ჩიკაგო ბულსში, ასევე - ვალენსიაში, შარლერუაში, პეპინსტერსა და ბასკონიაში.

ვირტუსს სერია A-ს სასტარტო მატჩი 1 ოქტომბერს სკაფატისთან ელის, ევროლიგის ახალ სეზონში კი, 5 ოქტომბერს, კაუნასის ჟალგირისთან საშინაო თამაშით ჩაებმება.
კომენტარები