Thumbnail

ბოიკოტი მასშტაბური ხდება - რუსებს არც პოლონეთი და ლატვია ეთამაშებიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

პოლონეთისა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებები არ აპირებენ დაემორჩილონ უეფას გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ რუსულ გუნდებთან თამაშზე.

პოლონეთისა და ლატვიის ფეხბურთის ასოციაციების განცხადებები გუშინ გავრცელებულ სკანდალურ სიახლეს მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ უეფამ რუსეთის 17-წლამდელთა გუნდები საერთაშორისო ასპარეზზე ნეიტრალური სტატუსით, ქვეყნის დროშის, ჰიმნისა და ეროვნული ფორმის გარეშე დაუშვა. 

ამ ამბავს მალევე გამოეხმაურა უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია და რუსებთან თამაშზე უარი განაცხადა. ასეთივე პოზიცია დაიჭირა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, ახლა კი, პოლონეთისა და ლატვიის ჯერიც დადგა.

ცეზარი კულეშამ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა

"უეფას აღმასკომის ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად გამაოცა. თუკი რუსეთის ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე მართლაც დაუშვეს, ჩვენი ნაკრებები მათ წინააღმდეგ არ ითამაშებენ. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის თავკაცმა ცეზარი კულეშმა.

აქვე ლატვიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაც: "რუსულ ნაკრებებთან თამაშს არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, სად ჩატარდება თამაშები და რუსები რა ფორმით იქნებიან წარმოდგენილები. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს პოზიციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ გვაქვს ჩამოყალიბებული".

შეგახსენებთ, რომ ფიფამ და უეფამ მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებს რუსეთის ყველა ნაკრები და კლუბი 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრისა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ ჩამოაშორეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები