Thumbnail

192 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლოს გოლი გაიტანა. ეს 19 მარტს, ტორინოსთან მოგებულ მატჩში მოხდა და მას შემდეგ სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე გატანას ვერ ახერხებდა. და აი, ქართველმა ვარსკვლავმა კრიტიკოსებს უდინეზესთან შეხვედრაში უპასუხა და თან როგორ?! ჯერ პენალტი მოიპოვა და ორჯერ ბურთი ძელს მოარტყა, მაგრამ შემდეგ გოლი მაინც გაიტანა, ბოლოს კი საგოლე პასიც მიითვალა და მოედნიდან თავაწეული გავიდა. 

მთლიანობაში კი, ამ შეხვედრაში არამხოლოდ მონატრებული ხვიჩა, ის ნაპოლიც ვიხილეთ, რომელმაც წინა სეზონში "სკუდეტო" მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალამდე შთამბეჭდავად იარა.  

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებული სკანდალის მიუხედავად, რომელიც სერია A-ს მე-6 ტურის თამაშს წინ უძღოდა, რუდი გარსიამ ნიგერიელი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა - ხვიჩა კვარაცხელიასა და მატეო პოლიტანოსთან ერთად, რომლებიც, სხვათა შორის, ფლანგებს ცვლიდნენ ხოლმე. ამან უდინელ მცველებს თავსატეხი გაუჩინა.  

იტალიის ჩემპიონები, რომლებსაც სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ მდგომარეობა და ხასიათი გამოსასწორებელი ჰქონდათ, "მარადონაზე" უკეთეს სტუმარს ვერ ინატრებდნენ - ანდრეა სოტილის გაწვრთნილი გუნდი ნეაპოლში 5 თამაშში გატანილი ერთადერთი გოლით ჩავიდა.

გოლს მოწყურებულმა ხვიჩამ თამაში აქტიურად დაიწყო, ჯერ სტუმართა კარს სახიფათო დარტყმით დაემუქრა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი უდინეზეს საჯარიმოში წესები ფესტი ებოსელეს დაარღვევინა. არბიტრმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც უნაკლოდ პიოტრ ჟელინსკიმ შეასრულა - 1:0.

მალევე ხვიჩას გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული მარკო სილვესტრიმ ნახტომში მოიგერია. სამაგიეროდ, ვიქტორ ოსიმენმა მატეო პოლიტანოს გადაცემის შემდეგ არ გაუშვა შესაძლებლობა ხელიდან და მასპინძლებს ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოაგებინა - 2:0.

ნიგერიელი ბომბარდირის ანგარიშზე სერია A-ს 6 მატჩში 4 გოლია

შესვენების შემდეგ კვარაცხელიას ორჯერ უნდა გაეტანა, მაგრამ ძალიან არ გაუმართლა. 57-ე და 68-ე წუთებზე 22 წლის ქართველი შემტევის დარტყმების შემდეგ ბურთი უდინეზეს კარის ძელს მოხვდა. განსაკუთრებით დასანანი მეორე ეპიზოდი იყო, როდესაც კვარამ მისთვის ჩვეულ სტილში,აუარა გვერდი მეტოქე მცველებს და ბურთი შორეულ კუთხეში გაუშვა, მაგრამ... 

მანამდე, 63-ე წუთზე, რუდი გარსიამ შეტევის ხაზში ცვლილებები განახორციელა - ოსიმენი და პოლიტანო, შესაბამისად, ჯოვანი სიმეონეთი და იესპერ ლინდსტრიომით შეცვალა, ქართველი შემტევი კი მოედანზე დატოვა. და სწორადაც მოიქცა. 74-ე წუთზე "მარადონაზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა იხილა ის, რის გამოც კვარაცხელია წინა სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ხვიჩამ უდინეზეს მცველს ბურთი მოპარა, ოსტატურად გადაატარა ბურთი წინ გამოსულ მეკარეს და კარში შეაგორა - 3:0.

ხვიჩამ გაჭიანურებული უგოლო სერიის დასრულება ტრიბუნასთან ემოციურად აღნიშნა 

გარსიამ ქართველი 82-ე წუთზე დაასვენა და ამ დროისთვის კვარას ანგარიშზე უკვე გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი იყო. მატჩის საბოლოო ანგარიში ჯოვანი სიმეონემ სწორედ ქართველის გადაცემის შემდეგ დააფიქსირა. 4:1 - ნაპოლი დაბრუნდა! 

 თამაშის შემდეგ Whoscored-მა ხვიჩას 9,7 ბალი დაუწერა - უმაღლესი შეფასება ორივე გუნდში! გოლის, საგოლე პასის, მოპოვებული პენალტისა და ბურთის ძელისთვის ორჯერ გარტყმის გარდა, კვარაცხელიას ანგარიშზე 6-იდან 4 წარმატებული დრიბლინგი, 31-იდან 23 ზუსტი პასი (74%) და 12-იდან 8 პოზიციისთვის მოგებული ორთაბრძოლა იყო. 

ნაპოლის სერია A-ში ჩატარებულ 6 თამაშში 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. რუდი გარსიას გუნდი 30 სექტემბერს, მე-7 ტურში, სტუმრად ლეჩეს ეთამაშება, უკვე 3 ოქტომბერს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

ნაპოლი 4:1 უდინეზე

გოლები: 1:0 ჟელინსკი (პენ. 19), 2:0 ოსიმენი (39’), 3:0 კვარაცხელია (74'), 3:1 სამარჯიჩი (81'), 4:1 სიმეონე (82').

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, ოსტიგორი, ნატანი, რუი - ანგისა (83' რასპადორი), ლობოტკა, ჟელინსკი - პოლიტანო (63' ლინდსტრიომი), ოსიმენი (63' სიმეონე), კვარაცხელია (83' ელმასი).

კომენტარები

ბოლო ამბები