Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა - ასეთია იტალიური მედიის მესიჯბოქსი უდინეზესთან ქართველი ვარსკვლავის გალაწარმოდგენის შემდეგ.

ხვიჩამ 192-დღიანი უგოლო სერია დაასრულა - გოლის გარდა, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი და არაერთი ულამაზესი ეპიზოდი შემოგვთავაზა. კვარამ ნამდვილად ითამაშა ისე, როგორც ყველა მიაჩვია და როგორც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს შეშვენის. ის უდავოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ცხადია, რომ იტალიურმა მედიამ მისი თამაში ძალიან მაღალი ქულებით შეაფასა:

Calcionapoli1926 - 8 ქულა: "ორი ძელი მართლაც მეტისმეტი იყო: განმათავისუფლებელი გოლიც მოვიდა! ლამაზი გოლი, რომელიც არანაკლებ სანახაობრივ თამაშს მოჰყვა. კარგი იყო პენალტის გამომუშავებაშიც, რომელმაც ანგარიში გახსნა. შემდეგ ბოლო გოლში საგოლე პასიც მიითვალა. მოკლედ, კვარა დაბრუნდა!".

Sport.virgilio - 7.5 ქულა: "მარტის წყევლა დასრულდა. ქართველმა გოლი ისევ გაიტანა და "სტადიო მარადონას" საუკეთესოსთან მიახლოებული საკუთარი თავის ვერსიით წარუდგა. მან მოიპოვა პენალტი, ყოველთვის რამდენიმე მცველს აღწევდა თავს, ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს და ბოლოს გოლით მატჩი დახურა, რასაც წინ სილვესტრიზე ლამაზი დრიბლინგი უძღოდა. ასევე რიგშია სიმეონეზე საგოლე პასი".

Calciomercato.it - 8.5 ქულა: "მან მოიპოვა პენალტი, ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი, მეტოქეებს ადვილად ატყუებს. ნამდვილი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება. შემდეგ ბიოლს ბურთს ართმევს, მიფრინავს კარისკენ, თავზე უგდებს ბურთს სილვესტრის და გოლი - ყველაფერი მშვენიერია. საკითხავია: რატომ არ დავამატოთ ამ ყველაფერს საგოლე პასიც და სიმეონეზე საგოლე გადაცემაც გააკეთა".

კვარა ზუსტად ასეთი თამაშით უნდა დაბრუნებულიყო

Calciomercato.com - 8 ქულა: "ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდა. უზარმაზარი მატჩი ქართველისთვის, რომელმაც პენალტი გამოიმუშავა, ორჯერ ძელი შეაზანზარა, ბოლოს დიდებული ხარისხის გოლიც გაიტანა. მაღალ ნოტაზე დასასრულებლად კი სიმეონეზე საგოლე პასის ხსენებაც გვჭირდება".

Tuttonapoli - 8.5 ქულა: "აჯობა ებოსელეს, რომელმაც ის საჯარიმოში წააქცია. ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, მეორედ ნამდვილი ფენომენის სტილის მოქმედებით. შემდეგ დროს აჩერებს გოლით, რომელიც ღირდა არა ამ მატჩის ბილეთის ფასად, არამედ მთელი სეზონის აბონემენტის ფასად".

Tuttomercatoweb - 8 ქულა: "აი, ისევ! მთელი თავისი არაპროგნოზირებადობით, ყველა იმ მოქმედებით, რამაც შარშან იტალიასა და ევროპაშიც მცველები გააგიჟა. დიდად ეფექტური თამაში, არ ნებდება წარმოუდგენელი ძელის მერეც და ბოლოს გოლით და საგოლე პასით ჯილდოვდება".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი, 1 გოლით, 2 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ნაპოლი 11 ქულით სერია A-ში მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად ლეჩეს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები