Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა! მან 192-დღიანი უგოლო სერია დაასრულა - გოლის გარდა, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი და არაერთი ულამაზესი ეპიზოდი შემოგვთავაზა. კვარამ ნამდვილად ითამაშა ისე, როგორც ყველა მიაჩვია და როგორც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს შეშვენის. ის უდავოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.

"რა თქმა უნდა, გოლი მაკლდა, - ასე დაიწყო საუბარი კვარაცხელიამ DAZN-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას. - თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და როდესაც 6 თვე გოლი ვერ გაგაქვს, ნერვიულობა ბუნებრივია. ახლა დავბრუნდი, ბედნიერი ვარ და გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე. გვინდა, რომ ასე გავაგრძელოთ. დღეს მოგება დავიმსახურეთ. ბოლონიასთან მატჩის შემდეგ მწვრთნელთან ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი იყო ასეთი თამაშის ხარისხის დაბრუნება. არ აქვს მნიშვნელობა, გოლს ვინ გაიტანს, მთავარია გამარჯვებაში წვლილი შევიტანოთ. ალბათ, დავბრუნდით, შესანიშნავად ვითამაშეთ და მაქსიმუმის გაკეთება უნდა ვცადოთ, ფორცა ნაპოლი!".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი, 1 გოლით, 2 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ნაპოლი 11 ქულით სერია A-ში მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად ლეჩეს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები