Thumbnail
  • კვარაცხელიასთვის ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო
  • ნაპოლის რთული სეზონი ელის, გარსიას გუნდის მართვა უჭირს
  • ოსიმენის შემთხვევა ნაპოლისთვის ძალიან რთული იყო

ნაპოლის და მთლიანად ქალაქ ნეაპოლის ხიბლი, ესთეტიკა და ეგზოტიკა მის შეშლილობასა და არაპროგნოზირებადობაშია. მხოლოდ ნეაპოლში შეიძლება, რომ თავის საუკეთესო ბომბარდირს ჯერ ვერგატანილი პენალტის გამო თავისივე კლუბმა სოციალურ ქსელში დასცინოს, შემდეგ კი საღამოს გუნდმა ასეთი შოუ შემოგვთავაზოს - ბევრი და ეფექტური გოლებით, თამაშის წყურვილით და აფეთქებებით.

ყველაზე მეტად ჩვენ ის გაგვიხარდა, რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ამის შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელია იყო. გოლი, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი და ორი ძელი, როცა ჯერ ძალიან მაგრად, კარგი ფორვარდივით შეირბინა და ახლო კუთხეში დაარტყა, შემდეგ კი თავისი საფირმო მოძრაობით ცენტრიდან შუაში შეიწია და შორეულ კუთხეში გაუშვა. კარგი ის იყო, რომ ეს მოძრაობა, მგონი, მთელს მსოფლიოში ყველამ იცის, მაგრამ ხელი მაინც ვერ შეუშალეს. არიენ რობენს ჰქონდა ასე - იცოდი, რას აკეთებდა, მაგრამ ვერაფერს შვებოდი. ესეც კლასის და ოსტატობის მაჩვენებელია.

საფეხბურთო ჟარგონზე რომ გითხრათ, ხვიჩამ გუშინ 'სამი გოლი გააკეთა'. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეს დიდი ხნის დანავსული სერია, რომელიც, როგორც ჩანს, მის ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებდა, დასრულდა. გოლი ისე აღნიშნა და იქამდე, აი, ის შორეულ კუთხეში დარტყმულის ძელი, ისე განიცადა, რომ ცხადია, ამ გოლს ძალიან ელოდებოდა, ძალიან განიცდიდა და ძალიან ღელავდა. კარგი იყო, რომ ემოცია, თამაშის სიყვარული და განცდა ჩანდა. 1-2 წელიწადში ფეხბურთისადმი ჩამქრალი ქართველი მოთამაშეები ბევრი გვახსოვს. შორიდან ისე ჩანს, რომ ამ ბიჭს თამაში ისე უნდა უყვარდეს, რომ იმედია ეს არ ემუქრება.

გოლში ყველაზე მეტად ის მომეწონა, მატჩის ბოლოს, უკვე მოგებულ შეხვედრაში, პრესინგზე როგორ წავიდა - აგრესიულად, აქტიურად. მცველს შეცდომა მან დააშვებინა - ეს არ იყო უნებლიე შეცდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანიც აქვს და აგრესიაც. ზოგადად, მაგარი თამაში ჰქონდა - ბევრი კაი პასიც დაარიგა, პოზიციას მაგრად იცვლიდა და ცენტრიდან შუაში კარგად შედიოდა.

თუმცა, ხვიჩას მოუწევს იმასთან შეგუება და იმის აღიარება, რომ ახლა მას ყოველთვის ამ წნეხის ქვეშ მოუწევს თამაში. დიდი ფეხბურთის ხვედრი ასეთია. როცა საკმარისია, ორი თამაში ვერ გაიტანო, შენზე წერენ  - 'რა ჭირს, ხვიჩას?' მერე ამაზე თეორიებს ისმენ - გაზეთებში და სოციალურ მედიაში განხილვაა, ტელევიზიებში შენს კრიზისზე საუბრობენ. დიდი ფეხბურთის თამაში, აი, ვარსკვლავურ, 'ოქროს ბურთის' ნომინანტის დონეს ვგულისხმობ, ამ ემოციურ და ფსიქოლოგიურ წნეხთან გამკლავებასაც ნიშნავს - იმასთან ერთად, რომ ახლა ყველა მეტოქე განსაკუთრებულად ყურადღებით გეთამაშება.

ფიზიკურზე მეტად, მგონია, რომ ხვიჩას ამ ემოციური წნეხის პრობლემა ჰქონდა. თუ გახსოვთ, ლუჩანო სპალეტი თავიდან რომ ცვლიდა ხოლმე, მერე ეს ასე განმარტა - იმდენად ემოციურია, რომ მალე იღლებაო - ანუ, ემოციების გამო ზედმეტად ბევრ ენერგიას ხარჯავდა.

ნაპოლის პრობლემები ამ ერთი კარგი თამაშით არ დასრულებულა. წლის დასაწყისიდანვე ცხადი იყო, რომ შარშანდელი ტრიუმფის მერე, ნაპოლის მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა - უკან! ანუ იმის თქმა მინდა, რომ ის, რაც შარშან სპალეტიმ და მისმა გუნდმა გააკეთა, სასწაულია, ძალიან იშვიათად ხდება, ათწლეულებში ერთხელ და ეს ასე იოლად აღარ განმეორდება. ის შედეგი და ის ფეხბურთი წელს ნაკლებად მოსალოდნელია. შარშანდელი წელი ნაპოლის რეალურ ძალას და სიმძლავრეს არ ასახავს - იმაზე ბევრად მაღლა გაფრინდნენ, ვიდრე ობიექტურად ამის რესურსები ჰქონდათ.

ამიტომ, რთულ სეზონს უნდა ველოდოთ - ასე მგონია, რომ ნაპოლისთვის ოთხეული მისაღები შედეგი იქნება. რეალურად, დე ლაურენტისის გუნდის ობიექტური მიზანი ყოველთვის ოთხეული იყო ხოლმე.

მით უმეტეს, რომ გუნდიდან კიმი წავიდა - წინა სეზონის ალბათ საუკეთესო მცველი ევროპაში. კიმი ნაპოლის დაცვაში პრობლემებს თითქმის მარტო ჭრიდა - მასთან ერთად მაღალი პრესინგი და აგრესიული თამაში კარგად გამოდიოდა. ახლა, ნაპოლის პრესინგის დროს ზედმეტად ბევრი სივრცე რჩება უკან. 

მეორე ობიექტური პრობლემა რუდი გარსიაა. ის ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არ არის, თუმცა უაზროდ ხისტი და მომენტებში არაპრინციპული კაცია. ეს სიხისტე სიბრძნეზე მეტი აქვს. პრობლემები მას აქამდეც ბევრჯერ ჰქონია. მაგალითად, მისი რომა თავიდან ძალიან კარგი იყო და გარსიას გუნდი მაგრად მიჰყვებოდა, თუმცა შემდეგ მას სიტუაცია გაექცა. ასე მოხდა ლიონშიც და ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთშიც.

ზოგადად, ნაპოლის მწვრთნელობა ამ სეზონში რთული გამოწვევაა. როგორც ზემოთ გითხარით, ვინც არ უნდა მოვიდეს, საეჭვოა, რომ სპალეტის მიღწევები გააუმჯობესოს, ან თუნდაც შეინარჩუნოს. გარსიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა ის, რაც საფეხბურთო ენაზე სილის გაწვნას ნიშნავს. ზოგადად, არ შეიძლება, ასე არ იქცევიან - შეცვალა ვიქტორ ოსიმენი გაფუჭებული პენალტის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე.

საფეხბურთო სამყაროს თავისი წესები და მორალი აქვს. მაგალითად, მოთამაშეებს ძალაინ არ უყვართ, როცა მწვრთნელი მათ შესვენებაზე ცვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდ შედეგს, ცუდ პირველ ტაიმს შენ გაბრალებს და ამას ყველას საჯაროდ აჩვენებს. მთელი გუნდის კი არა, შენი ბრალია - განტევების ვაცი ხდები. ამ დროს, მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ 5-10 წუთი და შანსი უნდა მოგცეს, რომ იქნებ რამე შეცვალო.

ასეთი დაუწერელი წესია, რომ თანაბარ ანგარიშზე, ვერგატანილი პენალტის მერე გუნდის ლიდერს და ბომბარდირს არ ცვლიან - მით უმეტეს, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე. პენალტის ვერგატანა ძალიან დიდი დარტყმაა მოთამაშის ფსიქიკაზე - ამას ძალიან განიცდის. ამიტომ, მერე ყველანაირად ცდილობს, ეს გატანილი გოლით დააკომპენსიროს. შენ კიდევ ამის შანსს ართმევ და ანტიგმირად აქცევ. ასე ითარგმნება ეს ამბავი. ოსიმენის შეცვლას არც ტაქტიკურად, არც ადამიანურად, არც საფეხბურთო მორალით ახსნა არ ჰქონდა. ზოგადად, გარსია ცდილობს, ხვიჩას და ოსიმენის მაგალითზე სხვებს თავისი ავტორიტეტი აჩვენოს და ისე ჩანს, რომ ამასობაში გუნდის მართვას კარგავს.

ამის მერე, ვიღაც იდიოტმა ნაპოლის სოციალური მედიიდან, არ მომერიდება ამ სიტყვის გამოყენება, გადაწყვიტა, რომ ეს კარგი გასართობი თემაა და ოსიმენს სოციალურ ქსელში დასცინა. ასეთი რამ დიდ ფეხბურთში მართლა არ გამიგია - თავისივე სოციალური მედია თავისივე ვარსკვლავს დასცინოდეს. ახლა ოსიმენი ნაწყენი და გაბრაზებულია. რეაქცია ნიგერიელს ჩემპიონური ჰქონდა - 'საპნის ოპერა' არ დაუწყია, გუნდში გამოცხადდა, ითამაშა, გოლი შეაგდო, თუმცა თავისი წყენა და გაკვირვება ყველას აჩვენა.

ოსიმენმა გოლი ხეირიანადაც არ აღნიშნა და თუ მის გოლზე სტადიონის რეაქციას დააკვირდით, იოლი გასაგები გახდა, ნიგერიელისა და კლუბის კონფლიქტში ტიფოზები ვის მხარეს არიან. 'მარადონა' ოსიმენის სახელს განსაკუთრებით მონდომებით და გულიანად გაჰყვიროდა. მერე იგივე მოხდა კვარას გოლის შემთხვევაშიც - ტრიბუნები ხვიჩას განცდებსაც გრძნობდნენ და იოლად მიხვდნენ, ეს გოლი მისთვის რამდენს ნიშნავს.

ოსიმენის პრობლემა გაგრძელდება - ეს შემთხვევა ერთი გოლით და ერთი თამაშით ვერ ამოიწურება. ზოგადად, ძალიან გამიკვირდება, ნიგერიელი ნაპოლიში შემდეგ სეზონშიც თუ დარჩა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოსიმენი თავისი კლასით უფრო დიდ გუნდსაც იმსახურებს და ახალი კლუბის მოძებნა უფრო დიდი ამბიციით და უკეთესი კონტრაქტით არ გაუჭირდება. ნეაპოლში ის მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას ეს გუნდი და ქალაქი აქამდე მოსწონდა.

ისე ჩანს, რომ გარსიას გუნდის მართვა უჭირს და გაუჭირდება. ნაპოლის რთული სეზონი ელის - ამ მოცემულობაში ხვიჩას ეს თამაში ძალიან დაეხმარება. დაეხმარება ემოციურად, ფსიქოლოგიურად, მენტალურად. განაცხადი თამაში იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები