- 'ძალიან დახვეწილი მოძრაობები გააჩნია და მისი დავიწყება არ შეიძლება'
- ამერიკულმა ვებ-გვერდმა სანდროს როტაციაში მე-3 ადგილი მიუჩინა
ამერიკულმა საკალათბურთო ვებ-გვერდმა Fadeaway World მომავალი სეზონისთვის სან ანტონიო სპურსის შემადგენლობა მიმოიხილა და ცენტრებზე საუბრისას ყურადღება სანდრო მამუკელაშვილსაც დაუთმო. საიტის აზრით, ქართველი ლეგიონერი ვიქტორ ვემბანიამასა და ზაკ კოლინსის შემდეგ, როტაციაში მე-3 იქნება, მის საუკეთესო უნარად კი მაღალი მოთამაშისთვის უჩვეულოდ დახვეწილი პასები დაასახელა.
"უდავოა, რომ გვირგვინში მარგალიტს ვიქტორ ვემბანიამა წარმოადგენს, რომლის ირგვლივაც უნდა მოხდეს ახალი სან ანტონიოს აწყობა. მას ბლოკშოტების საოცარი უნარი აქვს, თავისი ზომებისთვის წარმოუდგენლად მოქნილია და პერიმეტრიდან მაგრად ესვრის. ამის გათვალისწინებით, NBA-ში როგორი მომავალი ელის, რთული წარმოსდგენი არ უნდა იყოს. მის შემდეგ ზაკ კოლინსი მოდის, საკმაოდ ნიჭიერი ცენტრი, რომელსაც ხელი ტრავმებმა შეუშალა, თუმცა, ტალანტი მოედნის ორივე მხარეს არაერთხელ წარმოჩენია. არ უნდა დაგვავიწყდეს სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც ძალიან დახვეწილი მოძრაობები გააჩნია, პასის გაცემის უნარი კი უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული. როტაციაში მოხვდებიან ჩარლზ ბესი და კემ ბირჩიც, რომლებიც მოხსნაზე კარგად მუშაობენ და პიკ-ენდ-როლიც ეხერხებათ".
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი სპურსში გასული სეზონის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, როდესაც მის სამსახურზე უარი მილუოკი ბაქსმა თქვა. ვისკონსინურ გუნდში სანდროს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა: 65 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 3.2 ქულასა და 2.1 მოხსნას აგროვებდა. აი, სპურსში კი მისი სტატისტიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა: საშუალოდ 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 2.4 პასი.
კომენტარები