Thumbnail
  • მსოფლიო რაგბი ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის გაზრდაზე ფიქრობს
  • ერთ-ერთი არგუმენტი ის თამაშია, რომელიც პორტუგალიამ საქართველოსთან მატჩში აჩვენა

2027 წლის მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე, შესაძლოა, არა – 20, არამედ 24 ნაკრები ვიხილოთ. ამ ექსკლუზიურ ინფორმაციას ბრიტანული The Telegraph მსოფლიო რაგბის აღმასრულებელ დირექტორ ალან გილპინზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ უკანასკნელის განცხადებით, მსოფლიო რაგბის აღნიშნული გადაწყვეტილებისკენ თამაშის ის ხარისხი აძლევს, რომელსაც ტურნირზე გამოუცდელი გუნდები აჩვენებენ. ამ შემთხვევაში, საუბარია ჩილეზე, რომელიც შეჯიბრის დებიუტანტია და პორტუგალიაზე, რომელიც მსოფლიო თასზე მხოლოდ მეორედ ასპარეზობს.

"პორტუგალიას სულ რაღაც ორი წუთი დააკლდა, რათა საქართველო შოკში ჩაეგდო, მანამდე კი, უელსსაც ღირსეულად დაუდგა. ეს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს", - წერს The Telegraph. 

ჩილეს რაგბის ნაკრებმა დებიუტანტის კვალობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა

"ჩემი აზრით, უბრალოდ, უნდა ავდგეთ და ეს გავაკეთოთ. ისეთი ქვეყნების განვითარებას, როგორებიც ჩილე და პორტუგალია არიან, ხელი აუცილებლად უნდა შევუწყოთ. ჩილე იაპონიასთანა და სამოასთან კარგად გამოიყურებოდა, პორტუგალია კი ორივე შეხვედრაში კარგი იყო, როგორც უელსთან, ასევე - საქართველოსთან. ცხადია, 24 ნაკრები ყველაზე კარგი ფორმატი არაა, თუმცა, ამ პრობლემის გადაჭრაც შეიძლება. მაგალითად, გვაქვს სტრუქტურა, რომელიც ევროპულ პროფესიულ საკლუბო რაგბის ჩემპიონთა თასისთვის აქვს შემუშავებული (24 კლუბი ორ ჯგუფშია გადანაწილებული, ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 4 მატჩს ატარებს, საუკეთესოები კი მერვედფინალში გადიან - რედ.). სხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ, ერთი კი ცხადია, რომ მონაწილეთა გაზრდა სწორი ნაბიჯი იქნება", - ეს კი გილპინის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ სარაგბო მსოფლიო თასზე ფინალისტების რაოდენობა ბოლოს 1999 წელს გაიზარდა, როდესაც 16 ნაკრების ნაცვლად 20 დაუშვეს. მას მერე ამჟამინდელი ფორმატია: 20 გუნდი ოთხ ჯგუფში ნაწილდება, ორ-ორი საუკეთესო კი მეოთხედფინალში გადის და თამაშს ოლიმპიური სისტემით აგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები