Thumbnail

ფიჯის ნაკრების 30 წლის მორაგბე ალბერტ ტუისუე მსოფლიო თასზე საქართველოსთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა. ინგლისური გლოსთერის 30 წლის მესამეხაზელს ბორჯღალოსნების წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია, ამდენად, ქართველი მორაგბეების ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იცის.

ალბერტ ტუისუე (ფიჯის ნაკრების მორაგბე): "ვფიქრობ, რომ საქართველო აქცენტს ფიზიკურად დატვირთულ თამაშზე გააკეთებს. მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ვიცი, რომ შერკინებასა და მოლში ძლიერები არიან. ბოლო დღეებია მაგრად ვემზადებით, რომ ფიზიკურ ორთაბრძოლებში არ გვაჯობონ. შევეცდებით, დომინანტები ვიყოთ სწორედ შერკინებასა და მოლში, რადგანაც ეს მათი მთავარი იარაღია, ამასთან, თავის სიტყვას ჩვენი უკანა ხაზიც იტყვის. მეტოქის შეუფასებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგანაც ვიცით, რომ საქართველო ის გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. სწორედ ამიტომ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ნამდვილი ბრძოლისთვის მოვემზადოთ. 2 მატჩი გვრჩება, რომელთა შედეგებიც გაარკვევს, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავდივართ, თუ – ვერა. ასე რომ, ეს თამაშები ჩვენთვის ფინალის ტოლფასია".

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს ფიჯისთან შერკინება 30 სექტემბერს ბორდოში ელით და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და პორტუგალიასთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ. აი, საქართველოს ნაკრებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები