Thumbnail

ფიჯის სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა სენირუსი სერუვაკულამ საქარველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ დაპირისპირებას ფორვარდებს შორის ელის. მისი თქმით, "მფრინავი ფიჯელები" განსაკუთრებით ყურადღებით საწყის 20 წუთში უნდა იყვნენ, როდესაც ფიზიკურად ძლიერი ბორჯღალოსნები უპირატესობის მოპოვებას ეცდებიან.

სენირუსი სერუვაკულა (ფიჯის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი): "ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ყველა თამაში მსოფლიო თასზე. დიდი დრო დავუთმეთ იმ შეცდომებზე მუშაობას, რომლებიც უელსთანა და ავსტრალიასთან მატჩებში იქნა დაშვებული. საქართველოსთან თამაშმა, შესაძლოა, მეოთხედფინალის საგზური მოგვიტანოს, ამდენად, მისი ფასი ყველასთვის ნათელია. ამ მატჩს ფორვარდების დაპირისპირება მოიგებს. ვიცით, რომ ქართველებს ფიზიკურად მაგრად მომზადებული მორაგბეები ჰყავთ და ეცდებიან, ჩვენი სუსტი მხარეები გამოიყენონ. საუბარი მაქვს შერკინებაზე, სტატიკურ სიტუაციებსა და ხაზის გაჭრაზე. ამდენად, თავიდანვე მზად უნდა ვიყოთ. ჩემი აზრით, ყველაზე რთული საწყისი 20 წუთი იქნება და ამ პერიოდისთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ".

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს ფიჯისთან შერკინება 30 სექტემბერს ბორდოში ელით და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და პორტუგალიასთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ. აი, საქართველოს ნაკრებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები