Thumbnail

ცვლილებები ფიჯისთან - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

პორტუგალიასთან ფრეს (18:18) შემდეგ, 23-კაციანი შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული როლი ტრავმებმა ითამაშეს. მიმდინარე მსოფლიო თასი დაასრულეს ბექა გორგაძემ და ლუკა ჯაფარიძემ. მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს. ფიჯისთან მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

შარიქაძის არყოფნაში ბორჯღალოსნების კაპიტანი გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი იქნება. მის ანგარიშზე 74 კეპია, აქედან 5 კაპიტნის რანგში. ნარიაშვილთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ბექა გიგაშვილმა.

კვაჭის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა თენგიზ ზამთარაძე. თითო ცვლილებაა მეორე და მესამე ხაზში. კოტე მიქაუტაძეს ამჯერად ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. თორნიკე ჯალაღონია ტრავმირებული გორგაძის ადგილს დაიკავებს, ფლანკერად კი მსოფლიო თასზე თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს მიხეილ გაჩეჩილაძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.

წინა მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა ხაზში. შეიცვალა ღერძი და თამაშს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი იწყებს. ცენტრში შარიქაძის ადგილზე გიორგი კვესელაძე გადაინაცვლებს და მას დემე თაფლაძე შეუწყვილდება.

ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად მირიან მოდებაძე დადგება, დავით ნინიაშვილი ფრთაზე იქნება, ხოლო მეორე ფრთაზე კვლავ აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ.

ლუკა ჯაფარიძის ნაცვლად გამოძახებულ ირაკლი აფციაურს ეგრევე მოუწევს საქმეში ჩართვა. მას ბორჯღალოსნების კვართით დებიუტი ფიჯისთან ექნება. აქამდე ჩვენ მისი თამაში უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში გვიხილავს.

მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება მარქაფის კვაჭ ლუკა ნიორაძეს, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით სულ მეორე შეხვედრას ატარებს. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზეა ნიკა აბულაძე. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს, ხოლო მესამეში ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ. ხაზის მარქაფაშია და მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს თორნიკე კახოიძე. ღერძის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს ფიჯისთან შერკინება 30 სექტემბერს ბორდოში ელით და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და პორტუგალიასთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ. აი, საქართველოს ნაკრებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა აქვს.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ფიჯის წინააღდეგ დასახელდა! 🔥 გაიგე მეტი აქ 👉 https://rugby.ge/2023/09/rwc2023-squ-fiji/ 🇬🇪 საქართველო x ფიჯი 🇫🇯 | 30 სექტემბერი, 19:45, ბორდო

Posted by ბორჯღალოსნები . The Lelos on ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2023

საქართველო ფიჯისთან

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

კომენტარები

ბოლო ამბები