Thumbnail

უდინეზესთან ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულ თამაშს იტალიაში პრაქტიკულად ყველა გამოეხმაურა, მაგრამ ქართველ ვარსკვლავს თავი მხოლოდ ამით არ გამოუჩენია.

მან 192-დღიანი პაუზის შემდეგ გოლი ძალიან ემოციურად აღნიშნა, თანაც ბავშვებთან ერთად! ხვიჩასთან ბურთის მიმწოდებელი ორი ბიჭი მივიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის გოლს ტრიბუნების წინაშე აღნიშნავდა და თანაგუნდელები ჯერ მასთან არ იყვნენ.

კვარა, რასპადორი და ბურთის მიმწოდებელი ბავშვი

მერე კი, როცა კვარა უკვე მინდორზე ბრუნდებოდა, კართან კიდევ ერთი ბავშვი დახვდა, რომელთანაც ხვიჩამ გოლი მართლაც ემოციურად და ლამაზად აღნიშნა. სწორედ ამ მომენტს გამოეხმაურა "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი ანტონიო ჯორდანო, რომელმაც მართალია მოკლე, მაგრამ ძალზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

"რა მშვენიერი ხარ, კვარა?! გოლზე მეტადაც. ლამაზი შენს გულწრფელობაში, უბრალოებაში, ბავშვურ გამომეტყველებაში, სიხარულში. დაფიქრდი, რა ბედნიერია ახლა ის ბავშვი, რომელმაც თავისი პატარა სახე შენს ხელში იპოვა. 192 დღე - მაგრამ ახლა ეს ვის აინტერესებს, არა, კვარა?".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი, 1 გოლით, 2 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ნაპოლი 11 ქულით სერია A-ში მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად ლეჩეს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები