Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მატჩს ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა ბორდოში, 30 სექტემბერს გაიმართება. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ფიჯისთან მატჩამდე ორი დღით ადრე, მედიასთან ლევან მაისაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და მიხეილ ნარიაშვილმა ისაუბრეს. მაისაშვილმა აღნიშნა, რომ დასახელებული შემადგენლობის ყველა მოთამაშე 100%-ით მზადაა.

ლევან მაისაშვილი (ნაკრების მთავარი მწვრთნელი): გუნდში ყოველთვის საბრძოლო განწყობაა, ეს არცერთი მატჩის წინ არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში სათანადოდ ვერ გავაკეთეთ ის საქმე, რაც დაგეგმილი გვქონდა. მესმის, რომ რთულია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პორტუგალიასთან ჩვენს მოგებას ელოდა, მაგრამ ახლა ფიჯიზე ვართ ორიენტირებული. ახლა 100%-ით მზადაა ნაკრების ყველა მოთამაშე. დღეს ველოდებით სპეციალისტების დასკვნას მერაბ შარიქაძის ტრავმაზე.

წარმატებისთვის საჭიროა დაცვაში, შეტევაში, კონტრშეტევასა და შეჯგუფებებში კარგად ვითამაშოთ. ყველა ასპექტში კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ. 

მიხეილ ნარიაშვილი: საბრძოლო განწყობაა გუნდში. ვემზადებით მატჩისთვის, რთული თამაში იქნება, მოვახერხებთ მობილიზებასა და მზადყოფნას ამ მატჩისთვის.

ვასილ ლობჟანიძე: წაგვიგია სამოასთან და არგენტინასთან, მაგრამ მოვუგეთ იტალიასა და უელსს. იმედი მაქვს, რომ ფიჯისთანაც კარგ თამაშს ჩავატარებთ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს ფიჯისთან შერკინება 30 სექტემბერს ბორდოში ელით და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და პორტუგალიასთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ. აი, საქართველოს ნაკრებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები