Thumbnail
  • ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულის მერე უკლუბოდ დარჩნენ
  • დე ხეა კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობს, 40 წლის კვალიარელა არ ნებდება

2019 წელს, როცა ლონდონის ჩელსიდან მადრიდის რეალში კოლოსალური თანხის სანაცვლოდ გადადიოდა, ფიქრადაც ვერავინ გაივლებდა თავში, რომ ედენ აზარის საქმე ასე ცუდად წავიდოდა. რეგრესიცაა და რეგრესიც - ახლო წარსულში ბევრის საყვარელი ფეხბურთელი უკვე ფსკერზეა. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ფეხბურთელს, რომლებიც ახლა უკლუბოდ არიან.

დავიდ დე ხეა

32 წლის, ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედში იყო

ჯერ კიდევ ახლო წარსულში შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ დავიდ დე ხეა უკლუბოდ დარჩებოდა. სულ ახლახან პრემიერლიგის საუკეთესო მეკარე იყო, ახლა კი უმუშევარია. ის, რომ ესპანელს კონტრაქტი არ გაუგრძელეს, ორივე მხარისთვის ცუდი გადაწყვეტილება ჩანს. დე ხეას შემცვლელი ანდრე ონანა იუნაიტედში გადასვლის შემდეგ იშვიათად დგას მოწოდების სიმაღლეზე. დე ხეა კი, გავრცელებული ცნობების თანახმად, სულაც კარიერის დასრულებაზე ფიქრობს - თუკი ახლო მომავალში რომელიმე კარგი კლუბისგან შეთავაზება არ ექნება.

 ჟერომ ბოატენგი

35 წლის, ბოლოს ლიონში იყო

თითქმის 10 წელი ბოატენგი მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ძირითადი ცენტრალური მცველი იყო. მსოფლიოს ჩემპიონიცაა და ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებულიც, გერმანიის ჩემპიონი კი 9-ჯერ იყო. ერთ დროს მსოფლიო დონის მცველის კარიერაში პრობლემები ბაიერნიდან საფრანგეთში გადასვლით დაიწყო. გასული ზაფხულის შემდეგ ბოატენგის აყვანა ნებისმიერ კლუბს უფასოდ შეუძლია.

ედენ აზარი

32 წლის, ბოლოს რეალ მადრიდში იყო

შესაძლოა, ის საფეხბურთო ტრანსფერების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე დიდი ფლოპიც იყოს. ბელგიელმა პლეიმეიკერმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ლონდონის ჩელსიდან მადრიდის რეალში 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მას შემდეგ კლუბსა თუ ნაკრებში ტრავმების გამო 95 მატჩი გამოტოვა. რეალში ჩატარებულ 76 თამაშში მან მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო. თავის დროზე კრიშტიანო რონალდოს შემცვლელად ნაყიდმა ბელგიელმა მადრიდულ გრანდში უდიდესი რეგრესი განიცადა. აზარის კარიერა მას შემდეგ მხოლოდ უკან მიდის და ახლა ფსკერს მიაღწია - უკლუბოდაა.  

სოკრატის პაპასტატოპულოსი

35 წლის, ბოლოს ოლიმპიაკოსში იყო

ბერძენ მცველს განსაკუთრებით კარგად ბუნდესლიგის მოყვარულები იცნობენ. ბრემენის ვერდერში ის ნალდოსთან ერთად გერმანიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას ქმნიდა, დორტმუნდის ბორუსიაში 2017 წელს გერმანიის თასი მოიგო. ყველას ახსოვს ისიც, როგორ მიიღო ჰერტასთან სათასო მატჩში 1 წუთში ორი ყვითელი ბარათი. ახლა 35 წლისაა და უკლუბოდაა.

შკოდრან მუსტაფი

31 წლის, ბოლოს ლევანტეში იყო

2014 წლის კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც ახლა კლუბის გარეშეა. 2021 წელს გელზენკირხენის შალკეს ნახევარი წლით დაეხმარა, მერე კი ორი წელი ლევანტეში გაატარა, მაგრამ ესპანურ კლუბს მხოლოდ 15 მატჩში წაეხმარა. ახლო წარსულში გამორჩეული გერმანელი ცენტრალური მცველი, რომელსაც დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში, ახლა უკლუბოდაა.

რაჯა ნაინგოლანი

35 წლის, ბოლოს სპალ-ში იყო

შეუძლებელია, ფეხბურთის მოყვარული ადამიანი რაჯა ნაინგოლანს არ იცნობდეს, მაგრამ ასეთი თუ მაინც არსებობს, მისი ფოტო მაინც ექნება ნანახი. ვინც იცნობს, ისიც ეცოდინება, რომ ნაინგოლანი ახლო წარსულში იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი იყო. განსაკუთრებით რომაში, 2014-დან 2018 წლამდე ძალიან ბევრი იშრომა და მოედანზე შავ საქმეებთან ერთად, დიდი საქმეებიც აკეთა - ლომბარდიიდან კალაბრიამდე. მის კარიერაში იყო მილანიც, კალიარიც, ანტვერპენიცა და სპალ-იც, სადაც ივნისში კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლა უკლუბოდაა.

ლუის გუსტავო

36 წლის, ბოლოს ალ-ნასრში იყო

მიუნხენის ბაიერნის ბოლოსწინა ტრიუმფიდან ჩემპიონთა ლიგაში უკვე 10 წელია გასული. ახლა რეკორდმაისტერის იმ შემადგენლობიდან ორი ფეხბურთელია უკლუბოდ - ბოატენგზე ზემოთ ვთქვით, მეორე კი ლუის გუსტავოა. ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ბოლოს კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, ალ-ნასრში ითამაშა. მანამდე ის ბაიერნიდან წასვლის შემდეგ ვოლფსბურგში, მარსელში და ფენერბაჰჩეში იყო.

ფილ ჯონსი

31 წლის, ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედში იყო

რაღაცნაირად შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ფილ ჯონსი მანჩესტერ იუნაიტედში სამუდამოდ იქნებოდა. მართალია, ბოლოს ნორმალური სეზონი 2018/2019 წლებში ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მერე 4 წელი მაინც იუნაიტედთან ჰქონდა კონტრაქტი. არადა, ამ პერიოდში მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.  

ამინ იუნესი

30 წლის, ბოლოს ალ-ეტიფაქში იყო

ერთ დროს უნიჭიერეს ფეხბურთელად მიჩნეული დრიბლიორი ამინ იუნესიც უკლუბოდაა. გერმანიაშიც ითამაშა, ნიდერლანდებშიც, იტალიაშიც სცადა ბედი და საუდის არაბეთშიც იყო. ნიჭიერი რომ არის, ამას პრინციპში ყველგან ამტკიცებდა, მაგრამ იმდენად იშვიათად, რომ გასული ზაფხულის მერე თავისუფალია. 

ფაბიო კვალიარელა

40 წლის, ბოლოს სამპდორიაში იყო

იტალიური ფეხბურთის მოყვარულებმა იციან, ვინ არის და რა შეუძლია ფაბიო კვალიარელას. უფრო სწორად, რა შეეძლო. მის კარიერაში იყო ნაპოლიც, იუვენტუსიც და ტორინოც. გენუის სამპდორიაში 2019 წელს, 36 წლის ასაკში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იმ სეზონში კრიშტიანო რონალდომ იუვეს ფორმით 21 გოლი გაიტანა, კვალიარელამ კი - 5 გოლით მეტი. ფაბიო სერია A-ს ლეგენდაა. არა, კარიერა ჯერ არ დაუმთავრებია და კლუბს ეძებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები