- სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალი UFC-ის საიტს ესაუბრა
- ამერიკელის თქმით, ზუსტად იცის ვისთან ჩაატარებს მომავალ ბრძოლას
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ (17-1) ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ ზუსტად იცის ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე. ამერიკელი მებრძოლი თვლის, რომ ყველაზე მეტად სატიტულო ჩხუბს მერაბ დვალიშვილი (16-4) იმსახურებს, მაგრამ ამ სპორტში დამსახურება ყველაზე მნიშვნელოვანი არაა.
ო'მალის თქმით, ალჯამეინ სტერლინგთან (23-4) რემატჩი და კორი სანდჰეგენთან (17-4) ჩხუბი გარკვეულ ინტერესს გამოიწვევს, მაგრამ დივიზიონში ყველაზე დიდი ბრძოლა, მასსა და ჩიტო ვერას (21-8) შორის შედგება.
"ზუსტად ვიცი, ვის, როდის და სად შევხვდები მომდევნო მატჩში, თუმცა იდიოტის როლს ვთამაშობ. ვიცი რა მოხდება, რადგან კარგად მესმის, UFC ჭკვიანი ბიზნესია და ვიცი, დანა უაითს მოცდა უნდა, რასაც ვაკეთებთ კიდეც. მე დიდი ბრძოლები მინდა, დიდი pay-per-view-ები, მახსოვს, Contender Series-ზეც იმავეს ვამბობდი. pay-per-view-ების რეკორდის მოხსნა მსურს და ამ მიზანზე უარს არ ვიტყვი.
ალჯამეინ სტერლინგთან რემატჩი გარკვეულ ყურადღებას მიიპყრობს, მაგრამ მე ხომ ის ორ რაუნდში, ულაპარაკოდ დავაფინიშე. ვიცი, ფანებს ჩემი და კორი სანდჰეგენის ჩხუბის ნახვა სურთ, თუმცა ის ტრავმირებულია. ალბათ, სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად მერაბ დვალიშვილი იმსახურებს, მაგრამ ამ სპორტში ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი არ არის - ის მოსაწყენია. მათ გარდა არის ჩიტო ვერა, რომელთან ჩემი ჩხუბის შემთხვევაში დივიზიონის ყველაზე დიდ ბრძოლას მივიღებთ. ერთი სული მაქვს, როდის ჩავატარებ შემდეგ მატჩს. ჩემი აზრით, ეს დაპირისპირება ცოტა განსხვავებული იქნება, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდები," - თქვა "შუგამ".
შონ ო'მალიმ 19 აგვისტოს ალჯამეინ სტერლინგი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. ამერიკელმა ქამარზე ბრძოლის უფლება ისე მიიღო, რომ დივიზიონის ტოპ მებრძოლებთან მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და 5 წლის მანძილზე ორგანიზაციაში, ჯამში, 8-ჯერ გაიმარჯვა. მერაბ დვალიშვილს, კი 9 მოგებისგან შემდგარი სერია აქვს, რომელიც ორგანიზაციაში მე-3 საუკეთესო შედეგია.
კომენტარები