Thumbnail

საბა საზონოვმა სერია A-ში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ტორინო რომში ლაციოსთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამას მოწმობს ტურინული კლუბის გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომლებმაც ლაციოსთან მატჩში თავიანთი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ 21 წლის ქართველი მცველი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ საზონოვი სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში მოედანზე 27-ე წუთზე, ტრავმირებული ალესანდრო ბონჯორნოს ნაცვლად შევიდა. საბამ, რომელსაც ძირითადად ჩირო იმობილეს წინააღმდეგ უწევდა თამაში, მისიას თავი ძალიან კარგად გაართვა, ტურინელთა კარში გასულ გოლებში კი მას ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის.

საბამ იტალიის ნაკრების თავდამსხმელს კარში არ დაარტყმევინა

Toro News-ის რედაქცია მკითხველების გამოკითხვას ჩემპიონატის ყოველი ტურის მატჩის შემდეგ ატარებს, გამოვლენილ საუკეთესო მოთამაშეს კი Toro News Award-ით აჯილდოვებს. ლაციო-ტორინოს მატჩის შემდეგ ყველაზე მეტი - 140 ხმა სწორედ საბა საზონოვმა მიიღო, რაც საერთო გამოკითხულთა 51,28%-ია. მეორე ადგილზე 84 ხმით (30,77%) ნახევარმცველი ადრიან ტამეზე გავიდა, მესამეზე კი - ალესანდრო ბონჯორნო 67 ხმით (24,54%).

სხვათა შორის, აღნიშნული გამოკითხვების შედეგად, Toro News-ის რედაქცია სეზონის ბოლოს ტორინოს საუკეთესო მოთამაშეს დაასახელებს და მას ჯილდო Toro News Award 2023/2024-ს გადასცემს.

საზონოვი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2022 წლიდან იცავს

ივან იურიჩის გაწვრთნილი ტორინო, რომელსაც სერია A-ში ჩატარებულ 6 მატჩში 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში, 2 ოქტომბერს, შინ ვერონას დაუპირისპირდება. მაღალია იმის ალბათობა, რომ საბა საზონოვი ტურინელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს, რამდენადაც გუნდს დაცვის ხაზში სერიზოული საკადრო პრობლემები აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები