Thumbnail

კლოდ მაკელელე ჩელსის ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი აღარ იქნება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კლოდ მაკელელე ლონდონის ჩელსიში აღარ იმუშავებს
  • ლეგენდამ დატოვა პოსტი, რომელზეც 4 წელი იმუშავა

ჩელსიში არეულ სიტუაციას ისიც დაემატა, რომ ლონდონური კლუბი ლეგენდარულმა კლოდ მაკელელემ დატოვა.

ჩელსის ლეგენდამ თვითონვე დაადასტურა, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” აღარ იმუშავებს. 50 წლის მაკელელე ლონდონურ კლუბში 2019 წლის აგვისტოდან ახალგაზრდა ფეხბურთელების ტექნიკური მენტორის თანამდებობაზე მუშაობდა. მის ფუნქციებში ნიჭიერი მოთამაშეებისთვის რჩევების მიცემა და მათზე დაკვირვება იყო, ასევე ჩელსის ახალგაზრდა ფეხბურთელების მუდმივი კონტროლი და იმ მოთამაშეებთან კონტაქტი, რომლებიც ლონდონელებს განათხოვრებულები ჰყავთ.

მაკელელეს თქმით, ის ახლა ხალი გამოწვევების ძიებაშია. აღსანიშნავია, რომ ფრანგამდე, რომელიც 2002 წელს რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იყო, ჩელსი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ასისტენტმა ბრუნო სალტორმაც დატოვა.

ალესანდრო დელ პიერო და კლოდ მაკელელე ცოტა ხნის წინ, ლეგენდების მატჩში

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კლოდ მაკელელემ ყველაზე დიდხანს სწორედ ჩელსიში იმუშავა. კარიერა მან 2011 წელს, პარი სენ-ჟერმენში დაასრულა. ამის შემდეგ ის პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბში გახლდათ, 2014 წელს კი ბასტიაში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, საიდანაც 6 თვეში გაათავისუფლეს. 2016 წელს მაკელელე მონაკოს ტექნიკური დირექტორი გახდა, 2017-ში კი სუონსის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მალევე ბელგიურ ეუპენში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ამ პოსტზე ორი წელი გაძლო, 2019 წლიდან კი ჩელსიში ზემოთ ხსენებულ თანამდებობას იკავებდა. ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი მომავალში.

კომენტარები

ბოლო ამბები