- საბა საზონოვი ტორინოს ნაცვლად, შეიძლებოდა, სასუოლოში ყოფილიყო
- "ნეროვერდი" ქართველი მცველის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯში იყო
- დებიუტანტი და MVP - საბა საზონოვი ტორინოს ფანებმა საუკეთესოდ დაასახელეს
საბა საზონოვის დებიუტი ტორინოში საკმაოდ კარგი გამოვიდა - ქართველ მცველს პირველი მატჩის კვალობაზე ურიგო შთაბეჭდილება მართლაც არ დაუტოვებია.
ახლა ირკვევა, რომ საბა შეიძლებოდა არა ტორინოს, არამედ სასუოლოს ფეხბურთელი გამხდარიყო. Tuttomercatoweb წერს, რომ "ნეროვერდი" საბას ტრანსფერთან ერთ ნაბიჯში იყო, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა, რითაც მერე უკვე ტურინელებმა ისარგებლეს.
"საბა საზონოვისთვის სერია A-ში პირველი მატჩი წარმატებული გამოდგა. მიუხედავად ლაციოსთან მარცხისა, ქართველმა მცველმა კარგად ითამაშა და იმობილე გააჩერა. მედიის შეფასებაც კარგია, ის მომდევნო მატჩებშიც შეიძლება ვიხილოთ ძირითადში - იმის გათვალისწინებით, რომ ვიცე-კაპიტანი ბონჯორნო გუნდს ალბათ სანაკრებო პაუზამდე ვერ დაეხმარება. საზონოვი ტორინოში ზაფხულში მოსკოვის დინამოდან 3 მილიონ ევროდ გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თუმცა, საინტერესოა ის, თუ როგორ იყო საზონოვი სასუოლოსთან პრაქტიკულად ერთ ნაბიჯში. შავ-მწვანე კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ შემდეგ პრობლემა წარმოიშვა სასუოლოს მფლობელის და ამავდროულად სპონსორის, კომპანია "მაპეის" იმიჯის გამო. ეს კომპანია არ თანამშრომლობს რუსულ კლუბებთან. ამიტომ, ერთადერთი ალტერნატივა იყო, ფეხბურთელი მესამე კლუბში დროებით გადასულიყო და შემდეგ სასუოლო შეძლებდა მისი ტრანსფერის დარეგისტრირებას, თავიდან თუნდაც იჯარით. ამ გაურკვევლობამ ხელი შეუწყო ტორინოს, რომელიც მოსკოვის დინამოსთან მოლაპარაკებებში უპრობლემოდ შევიდა და შეთანხმებას მიაღწია - მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სასუოლოს აშკარა უპირატესობა ჰქონდა".

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ფროზინონეს სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმაც დაადასტურა, რომ საზონოვის დამატებაზე მუშაობდა, მაგრამ ტორინომ უფრო კარგად იმოქმედა.
საზონოვს ტორინოს სასტარტოში მოსახვედრად რთული კონკურენციის დაძლევა მოუწევს, რადგან "ხარების" დაცვის ხაზში ალესანდრო ბონჯორნოს, პეერ სხუურსა და რიკარდო როდრიგესს ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ. გარდა ამისა, გუნდში არიან დავიდ ზიმა და კოფი ჯიჯი. თუმცა, ამჟამად, ბონჯორნო, ჯიჯი და ზიმა ტრავმირებულები არიან, რის გამოც საზონოვმა შანსი მიიღო და სავარაუდოდ, უახლოეს მატჩებშიც ითამაშებს.
კომენტარები