- 📅 30 სექტემბერი | 🏟 ვია დელ მარე | ⌚ 17:00 | ⚽ ლეჩე V ნაპოლი
- ნაპოლიმ და კვარაცხელიამ უდინეზესთან მატჩით თავდაჯერება დაიბრუნეს
- ლეჩე კარგ ფორმაშია და ადვილად არაფერს დათმობს
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ
სეზონის სტარტმა ნაპოლის მიმართ ბევრი კითხვა გააჩინა, თუმცა ბოლო მატჩმა სიტუაცია შედარებით შეამსუბუქა.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი უდინეზესთან შესანიშნავი იყო, ჩვეული ფეხბურთიც ითამაშა და ადვილადაც მოიგო - 4:1. ამან რუდი გარსიას მიმართ კრიტიკა შეამცირა. ცხადია, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რამდენად დაბრუნდა გასული სეზონის ნაპოლი, მაგრამ იმედი ნამდვილად გაჩნდა.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი ამჯერად ლეჩეს ესტუმრება, რომელიც "კერკეტი კაკალია". რობერტო დ’ავერსას გუნდსაც 11 ქულა აქვს, როგორც ნაპოლის. შესაბამისად, ნეაპოლელებს იოლი გასეირნება არ ელოდებათ, მით უფრო, რომ წინ მადრიდის რეალთან მატჩიცაა, რაზეც "აძურის" ფიქრი აუცილებლად მოუწევს.
უდინეზესთან ბრწყინვალე იყო ხვიჩა კვარაცხელიაც. მან შეწყვიტა 192-დღიანი უგოლო სერია, მაგრამ გოლის გარდაც დიდებულად ითამაშა - საგოლე პასიც გააკეთა, პენალტიც მოიპოვა და ორჯერ ბურთი ძელსაც გაარტყა. მოკლედ, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ კვარა დაბრუნდა.
ხვიჩა ნამდვილად მოგვაგონებდა იმ ფეხბურთელს, რომელმაც გასულ სეზონში მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. მისი შეჩერება უდინელებმა ვერაფრით მოახერხეს. ნავსი გატყდა, ახლა ქართველი ვარსკვლავი წესით, უფრო ლაღად და თავისუფლად ითამაშებს, რადგან უგოლო სერია მასზე გავლენას ახდენდა. ასევე გამოჩნდა, რომ ნაპოლის კარგი თამაში კვარაზე დიდად დამოკიდებულია - თუ ქართველს თამაში მისდის, ნაპოლის მეტოქეები პრაქტიკულად უშანსოდ რჩებიან.

ნაპოლის 11 ქულა აქვს 6 ტურის მერე, რაც იდეალური სტარტი მართლაც არ არის. ლიდერთა დუეტთან (მილანი და ინტერი) ჩამორჩენა 4 ქულაა. ცხადია, ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, ნაპოლის ჩემპიონობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია.
ნაპოლის ცენტრალური მცველები, ჟუან ჟეზუში და ამირ რაჰმანი ჰყავს ტრავმირებული, თუმცა, ლეო ოსტიგორის და ნატანის დუეტი ბოლო ორ მატჩში ძალიან კარგი იყო. ასე რომ, შეიძლება ამ მხრივ დიდი სანერვიულო გარსიას არ ჰქონდეს. ვიქტორ ოსიმენის სკანდალიც ნელ-ნელა მეორე პლანზე იწევს. ნიგერიელმა უდინეზესთან ითამაშა და გოლიც გაიტანა. კლუბსა და მას შორის კონფლიქტზე ისევ ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ნიგერიელი ფორვარდი ჯერ მაინც მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული.
ლეჩეს დიდებული სტარტი აქვს. სეზონის წინ ბევრის აზრით, ეს გუნდი გავარდნის მთავარი კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით, ამის კვალი არ ჩანს. "ჯალოროსიმ" პირველი მარცხი სეზონში წინა ტურში განიცადა, სტუმრად იუვენტუსთან 0:1. მართალია, სალენტოელებმა ტურინელთა კარისკენ ერთხელაც ვერ დაარტყეს, მაგრამ დაცვაში მაღალ დონეზე ითამაშეს და ქულის მოპოვებასთანაც ახლოს იყვნენ.
ლეჩემ ამ სეზონში აჯობა ლაციოს, არ წააგო ფიორენტინასთან - მოკლედ, ანგარიშგასაწევი გუნდია. ლეჩეს ლიდერია მონტენეგროელი ფორვარდი ნიკოლა კრსტოვიჩი, რომელიც სეზონის წინ სლოვაკური დუნაისკა სტრედადან დაიმატეს. 23 წლის ფორვარდმა, რომელმაც გასულ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 28 გოლი გაიტანა, სერია A-საც აუღო ალღო და 5 თამაშში უკვე 3 გოლი აქვს. დ’ავერსას გუნდის თამაშიც ძირითადად მასზეა აწყობილი. სხვთა შორის, კრსტოვიჩი ლეჩეში სანამ წავიდოდა, გორის დილას ორჯერ დაუპირისპირდა დუნაისკა სტრედას მაისურით. მან როგორც გორში, ისე სლოვაკეთში 90 წუთი ითამაშა, თუმცა, გორელთა წინააღმდეგ თავი ვერ გამოიჩინა.

საინტერესო ფაქტები
🟠 ლეჩეს 2004/05 წლების სეზონის შემდეგ სერია A-ში საუკეთესო სტარტი აქვს. ხსენებულ სეზონში "ჯალოროსიმ" მე-11 ადგილი დაიკავა.
🟠 ლეჩეს საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი მოგებული აქვს.
🟠 ნაპოლის 2015/16 წლების სეზონის შემდეგ სერია A-ში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს - 11 ქულა ექვს ტურში.
🟠 რუდი გარსიას გუნდმა მიმდინარე სეზონის სერია A-ში სტუმრად მხოლოდ ერთხელ მოიგო (2 ფრე).
🟠 ლეჩემ მიმდინარე სეზონში 8 გოლიდან 5 გაიტანა 76-ე წუთის შემდეგ და ამ მონაკვეთში გოლი არ გაუშვია.
🟠 გასული სეზონის სტარტიდან ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 6 მატჩში მოახერხა, როგორც გოლის გატანა, ისე საგოლე პასის გაკეთება. ამ პერიოდში ტოპლიგაში უკეთესი შედეგი არავის აქვს.
🟠 ლეჩეს ბოლო ხუთ მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.
🟠 ნაპოლის ბოლო ხუთ მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 ამ გუნდების ბოლო ხუთ დაპირისპირებაში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 ეს გუნდები სერია A-ში 24-ჯერ შეხვედრიან: 10 მატჩი ნაპოლიმ მოიგო, 9-ჯერ ფრე დაფიქსირდა და 5-ჯერ ლეჩემ გაიმარჯვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ლეჩე (4-3-3): ფალკონე - ვენუტი, პონგრაჩიჩი, ბასკიროტო, დორგუ - უდენი, რამადანი, ბლინი - ოლმქვისტი, კრსტოვიჩი, სტრეფეცა.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: კაბა, ბანდა, დერმაკუ.
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, ოსტიგორი, ნატანი, მარიო რუი - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: გოლინი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში.
კომენტარები