Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედმა ძალადობაში ბრალდებული ანტონი ვარჯიშზე დააბრუნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ფეხბურთელის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 
  • შესაძლოა, 23 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა უახლოეს მატჩებში ითამაშოს კიდეც

მანჩესტერ იუნაიტედის ბრაზილიელი თავდამსხმელი ანტონი, რომელიც ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული, კლუბში ვარჯიშს უბრუნდება და შესაძლოა, უახლოეს მატჩებში ითამაშოს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ფეხბურთელი მანჩესტერელთა ვარჯიშებს ჩამოშორებული იყო.

"ივნისში, ბრალდების პირველად წაყენების დღიდან, ანტონი თანამშრომლობს პოლიციასთან როგორც ბრაზილიაში, ისე - დიდ ბრიტანეთში და ამას კვლავაც აკეთებს. მანჩესტერ იუნაიტედმა გადაწყვიტა, რომ ანტონი კერინგტონში ვარჯიშს განაახლებს და სანამ პოლიცია გამოძიებას ატარებს, მატჩებში მონაწილეობისთვის გუნდის განკარგულებაშიც იქნება. გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცვალოს მოვლენათა განვითარების შესაბამისად", - ნათქვამია მანჩეტერ იუნაიტედის განცხადებაში, რომელშიც კიდევ ერთხელ დაგმობილია ძალადობა. 

შეგახსენებთ, რომ ანტონის თავისი ყოფილი შეყვარებული გაბრიელა კავალინი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი თავს უდანაშაულოდ ცნობს და განცხადებას ცილისწამებას უწოდებს, ბრალდების გამო ის ჯერ ბრაზილიის ნაკრებს, მოგვიანებით კი მანჩესტერ იუნაიტედსაც ჩამოაშორეს.

23 წლის ფეხბურთელი ბრაზილიური სან პაულუს აღზრდილია. მანჩესტერ იუნაიტედში ის ამსტერდამის აიაქსიდან 2022 წელს გადავიდა. ინგლისური გუნდის მაისურით ანტონიმ 48 შეხვედრაში ითამაშა, რომლებშიც 8 გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

მანჩესტერ იუნაიტედი უახლოეს შეხვედრას 30 სექტემბერს, კრისტალ პალასის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები