Thumbnail
  • ლეონარდო ბონუჩი რთული ხასიათის ლიდერი იყო და იუვენტუსიდან სკანდალით წავიდა
  • მისი სისუსტეები ჯორჯო კიელინისთან დუეტში ძალიან კარგად იმალებოდა
  • ლეო იტალიური ფეხბურთის და იუვენტუსის ისტორიის ნაწილია

"დანი ალვეშმა მუსიკა ისეთ ხმაზე ჩართო, თითქოს ჩვენი დაყრუება სურდა. მე არაფერი მითქვამს, უბრალოდ გამოვერიდე - ჩავთვალე, რომ უბრალოდ სულელია. ბონუჩიმ, რომელსაც იმ ფინალის მოგება ძალიან უნდოდა, მუსიკის გამორთვა მოსთხოვა და დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხებს დაამტვრევდა. ჩხუბი ატყდა. ჩხუბის დროს დანი ალვეშმა თქვა: ფინალი რომც წავაგოთ, ეგ არაფერი, მე ჩემპიონთა ლიგა უკვე მოგებული მაქვს. ყურებს არ ვუჯერებდით - მან ფინალის წინ წაგების ალბათობა როგორ დაუშვა და ასეთი რამ როგორ თქვა. ალეგრი ჩაერია და ორივეს დაპირდა, რომ ეს მათი ბოლო მატჩი იქნებოდა და ორივე მათგანს გუნდიდან გაუშვებდა." - ეს მარიო მანჯუკიჩის მონაყოლია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იუვენტუსის გასახდელში 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ...

ამ ფინალში იუვე იმაზე ბევრად სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი რეალური ძალა იყო. ამის შემდეგ ბევრი ვერსია გახმოვანდა, თუ რა მოხდა ტურინული კლუბის ბანაკში. საუბარი იყო კონფლიქტზე დიბალასა და ბონუჩის შორის. იყო სხვა ვერსიებიც. მანჯუკიჩის მონაყოლი ჩემთვის ყველაზე დამაჯერებელია.

ეს ამბავი იმაზე არ არის, თუ რამდენად ვერ ეგუებოდა დანი ალვეში იუვენტუსს და რამდენად განსხვავებული იყო მისი ქცევა ტურინული კლუბის კულტურისგან. იუვეს გასახდელში თამაშის წინ ხმამაღლა მუსიკას არ უსმენენ - ამაზე ჯერ კიდევ ჯანლუკა ვიალი წერდა 20 წლის წინ. ეს თავად ალვეშსაც აღუნიშნავს - იუვე მისთვის მცდარი კარიერული ნაბიჯი იყო. უცხო გარემოსა და სხვა კულტურაში აღმოჩნდა.

ეს ისტორია საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ბონუჩის ხასიათზე შთაბეჭდილებას ძალიან კარგად გვიქმნის. ბონუჩი საკმაოდ უხეში, ფეთქებადი, ძალიან გავლენიანი და ამბიციური, ამასთან არცთუ მომთმენი და დიპლომატიური ადამიანია. ბონუჩი-კიელინის დუეტში, მოედანს მიღმა, ჯორჯო თავაზიანი, მუდამ დახმარებისთვის მზადმყოფი, ალალი და კეთილი კაცია, ლეო კი - პირიქით, მკაცრი, ხისტი, საფეხბურთო თვალსაზრისით საკმაოდ უსიამოვნო პერსონაჟი, რომელიც გწნეხავს, გპრესავს, გიყვირის და გემუქრება. მათ შორის სხვაობაზე ჯიჯო დონარუმაც ყვებოდა - როლები ამ დუეტს იტალიის ნაკრებშიც, მოგებული ევრო 2020-ს დროს, ასე ჰქონდათ განაწილებული. ამ დუეტში ‘ცუდი პოლიციელი’ ლეო ბონუჩი იყო.

ბონუჩის იუვენტუსში 502 თამაში და 37 გოლი აქვს

2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მარიო ბალოტელის სანაკრებო კარიერაც ბონუჩის ჩარევით დასრულდა. ურუგვაისთან გადამწყვეტი თამაშის შესვენებაზე ლეოს აასხა და ბალოტელის და მწვრთნელ ჩეზარე პრანდელის მორიგი კამათის დროს, მარიოს უთავაზა სიტყვებით - "დაეგდე, იმბეცილო!".

მასთან ურთიერთობა განსაკუთრებით რთული იყო ახალგაზრდებისთვის. სამაგიეროდ, ის იყო ადამიანი, რომელსაც შენობით შეეძლო ელაპარაკა ულტრასებთან - არცთუ მშვიდობიან და სასიამოვნო ხალხთან, ხშირ შემთხვევაში კრიმინალური წარსულით და ძალადობისადმი მიდრეკილებით. ჯერ კიდევ კონტეს დროს, ერთხელ, როცა ლეო თამაშს ტოვებდა, ტრიბუნაზე კლუბის წევრებისთვის განკუთვნილი ადგილის ნაცვლად ულტრასებთან, "კურვა სუდში" წავიდა და თამაშს იქიდან უყურა. სწორედ აქედან დაიბადა შეძახილი - "Bonucci, uno di Noi" (ბონუჩი ერთ-ერთი ჩვენგანია).

'კლუბის ლეგენდის ასე გაშვება სირცხვილია. სირცხვილია, რომ იუვეს და ბონუჩის ურთიერთობების გარკვევა სასამართლოში უწევთ'

ამ ძალიან გავლენიან და ამბიციურ ადამიანს, ბოსის, ლიდერის, წინამძღოლის ხასიათით, ბევრი კარგად ვერ ეგუებოდა. არც მარიო მანჯუკიჩის, ნამდვილი იუვენტინოს და იუვეს სტადიონის ტრიბუნების გმირის კომენტარში ჩანს - ბონუჩის ხასიათით და მისი პერსონით დიდი აღტაცება და სიყვარული. მათ შორის იყო მაქს ალეგრიც, რომლისთვისაც ბონუჩის ავტორიტარული ქცევა არცთუ ისე იოლად მისაღები და მოსაწონი აღმოჩნდა. მათ შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ 2017 წლის ფინალამდე დაიწყო, მაშინ როცა ალეგრიმ მიიჩნია, რომ ბონუჩი ზედმეტად ბევრს და ხმამაღლა ლაპარაკობდა და პორტუსთან მერვედფინალის წინ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დემონსტრაციულად განაცხადს მიღმა დატოვა.

ამ ისტორიას მეორე მხარეც აქვს. ბონუჩი ხშირად ვერ ხედავდა საზღვრებს, სიტყვა წინ უსწრებდა, დიპლომატია და სიბრძნე ღალატობდა და მისი წონა და ქარიზმაც არ იყო იმდენად დიდი, როგორც დელ პიეროს ან ბუფონის. ის ავტორიტეტი იყო, თუმცა არა უპირობო ავტორიტეტი. მოხდა ისე, რომ ის იუვენტუსიდან ორჯერ სწორედ ალეგრის გამო წავიდა.

როგორ შეიქმნა ბონუჩი

ბონუჩი თავისი ხასიათით, მორალით და გაგებით უფრო კონტეს კაცი იყო. დიდი ფეხბურთის თამაში მან კონტეს ხელში დაიწყო - მანამდე, დელ ნერის გუნდში, ზუსტად მახსოვს, რომ მოსიარულე შეცდომა იყო. ზედმეტად ბევრ საგოლე შეცდომას უშვებდა და ოდნავადაც არ ჰგავდა იმ ლეგენდარულ მცველს, რომელიც მომდევნო წლებში ვნახეთ. ამ პერიოდში მიიჩნეოდა, რომ იტალიას ორი კარგი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - ბონუჩი და ანდრეა რანოკია და ამ დუეტში რანოკია ბევრად ძლიერად და პერსპექტიულად მიიჩნეოდა.

კონტეს ხელში იმ გუნდიდან ბევრმა ითამაშა დიდი ფეხბურთი - ვიდალი, ბონუჩი, ლიხშტაინერი. 2012 წელს, პირველი "სკუდეტოს" სეზონში ის აბსოლუტურად გარდაიქმნა - ცოტა ნერვიულ, არცთუ ისე თავდაჯერებული ახალგაზრდისგან ის იუვეს დაცვის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

ბონუჩის ჰქონდა მცველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პირველი პასი - ძალიან მაგრად იწყებდა შეტევას. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი გრძელი გადაცემები. ბონუჩის სახით კონტეს გუნდში პირლოს გარდა მეორე, მოედნის სიღრმეში განლაგებული გამთამაშებელი ჰყავდა. რეალურად, ეს იყო პირლო დაცვის ხაზში - მოედნის ძალიან მაგარი ხედვით და თამაშის 40-50 მეტრზე გაშლის უნარით. იუვე წლების მანძილზე დაცვიდან სწორედ ბონუჩის წყალობით ამოდიოდა.

ლეოს ლეგენდარული კარიერა ჰქონდა და იტალიური ფეხბურთის საუკეთესო მცველებს შორის შემორჩება ისტორიას. თუმცა, თუ ობიექტურები ვიქნებით, ის დაცვითი უნარებით ბევრად ჩამორჩებოდა არამხოლოდ ნესტას, მალდინის და კანავაროს მსგავს ლეგენდებს, ასევე კიელინის და ბარძალისაც კი. ლეო არცთუ ისე სწრაფია და განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩევა. კიელინისა და ბონუჩის შორის, ბევრად, შეუდარებლად ბევრად, უფრო რთულია კიელინის წინააღმდეგ თამაში.

იუვეს ლეგენდარული უკანა ხაზი: ბონუჩი, კიელინი, ბარძალი და ჯანლუიჯი ბუფონი

თუმცა BBC-ს, ბარძალი-ბონუჩი-კიელინის ლეგენდარული ტრიო და შემდეგში უკვე კიელინი-ბონუჩის დუეტი, არაფრით ჩამოუვარდებოდა არცერთ, წინამორბედ, ისტორიულად ლეგენდარულ დაცვის ხაზს. საქმე ის არის, რომ ამ ტრიოში ბონუჩის სუსტი მხარეები კარგად იმალებოდა - მისი ძლიერი მხარეები კი წინა პლანზე მოდიოდა. კიელინი და ბარძალი ლეოს სისუსტეებს - სისწრაფის და ათლეტიზმის ნაკლებობა, ერთი ერთზე თამაში - კარგად აბალანსებდნენ. ამასვე აკეთებდა დუეტში კიელინი. სამაგიეროდ, ბონუჩი მათ იმას აძლევდა, რაც არ ჰქონდათ - შეტევის დაწყება, თამაშის გაშლა, პრესინგიდან ამოსვლა და დაზღვევა. ისე გამოვიდა, რომ ისინი იდეალურად ავსებდნენ ერთმანეთს და იმ კომპონენტებში აძლიერებდნენ, რაც მეორეს უჭირდა. სწორედ ამიტომ მოუწოდა მათ ჟოზე მოურინიომ, რომ დაცვის ხელოვნება ჰარვარდში უნდა ასწავლონ. მოურინიომ რომ დაცვის ამბები გამორჩეულად კარგად იცის, ამაზე ნუ ვიდავებთ. ბონუჩი და კიელინი ერთმანეთს თითქმის ტელეპატიურად უგებდნენ, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმა. ჯორჯოს ისიც აქვს ნათქვამი, რომ ლეო მას საკუთარ ცოლზე უკეთ იცნობს.

ისინი, ჯერ ტრიო და მერე დუეტი, თითქმის 10 წელი ევროპის საუკეთესო დაცვას ქმნიდნენ - ბეტონივით გაუვალს. შემთხვევითი არც ის იყო, რომ კიელინის წასვლის შემდეგ ბონუჩისაც განსაკუთრებით გაუჭირდა და მისი სისუსტეები და შეცდომები მაშინვე წინა პლანზე წამოვიდა.

სწორედ ამიტომ თქვა ბონუჩიმ: "ჩვენ წავალთ და იტალიური ფეხბურთის დაცვის დიდი ეპოქა დასრულდება."

მოღალატე თუ გმირი

ბონუჩის პირველი წასვლა, მილანში სისულელე და სიგიჟე იყო. ამას თვითონაც მალევე მიხვდა - სულ რამდენიმე თვეში. ეს განაწყენებული ადამიანის იმპულსური და მოუფიქრებელი ნაბიჯი გახლდათ. როგორც იტალიაში ყვებიან, მაშინდელი მილანის ქაოტური გასახდელის და არცთუ პროფესიული დამოკიდებულების შემხედვარე ლეო, ორიოდე თვეში ნანობდა და ტურინში უკან დაბრუნების ამბებს ალაგებდა. "უძღები შვილის" კლასიკური დაბრუნება გამოვიდა - "ჩვენიან ბიჭს შეეშალა, მალევე მიხვდა და უკან მივიღეთ." ალეგრიმაც ის მშვიდად მიიღო და დაიბრუნა.

როგორც უკვე გითხარით, ბონუჩი უფრო მეტად გრძელი ენა და დიდი ამბიციაა, ვიდრე დიპლომატია, მოთმინება და სიბრძნე. მილანში წასვლა იმდენად დაუჯერებელი ამბავი იყო, რომ როცა ეს იდეა მისმა აგენტმა მილანთან შეხვედრაზე გაახმოვანა, ეგონათ, რომ ხუმრობდა.

მეორე წასვლა უკვე წასვლა კი არა, მისი გუნდიდან იძულებით გაშვება იყო. ახლანდელ იუვეს ფული ძალიან უჭირს. ლეოს დიდი კონტრაქტი ჰქონდა და იუვემაც გადაწყვიტა, რომ ფული მისი ხელფასის ხარჯზე დაეზოგა. როგორც ჩანს, ის გულზე არც ალეგრის ეხატებოდა.

'ძნელია, ენდო კლუბის იმ ხელმძღვანელობას, რომელიც დუშან ვლაჰოვიჩს ლუკაკუში ცვლიდა და კიეზას გაყიდვა რეალისტურ სცენარად მიაჩნდა'

ტურინში გულშემატკივრის აზრი ორად იყოფა. თუმცა ჩემი აზრით, ლეო ამ კონფლიქტში მართალია. ძალიან ძნელია, ენდო კლუბის იმ ხელმძღვანელობას, რომელიც დუშან ვლაჰოვიჩს ლუკაკუში ცვლიდა და კიეზას გაყიდვა რეალისტურ სცენარად მიაჩნდა. საფეხბურთო საკითხების გარდა ფასეულობების, პრინციპების, იუვენტინური კულტურის პრობლემა და დეფიციტიც ჩანს.

ამ ლოგიკის კიდევ უფრო მეტად არ მჯერა, როცა გუნდში თამაშობს ალექს სანდრო, დაახლოებით იგივე ხელფასის მქონე ვეტერანი, რომელიც ორიოდე კვირის წინ რომ დაიმტვრა, ტიფოზები ზეიმობდნენ - რა მაგარია, ამას კაი ხანი აღარ მოუწევს მოედანზე გასვლაო. ალექს სანდრო შეცდომებს უშვებს, მაგრამ თამაშობს მაინც. ბონუჩიზე ბევრად დიდი ხელფასი აქვს პოლ პოგბას, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ფეხბურთელი კი არა, უფრო იუთუბერი თუ სოციალური მედიის ვარსკვლავია.

ჯერ ერთი, კლუბის ლეგენდის ასე გაშვება სირცხვილია. სირცხვილია, რომ იუვეს და ბონუჩის ურთიერთობების გარკვევა სასამართლოში უწევთ. მეორეც: ამ იუვენტუსში "იუვენტინოების" აშკარა დეფიციტია. გუნდის კაპიტნობა დანილოს აქვს ჩაბარებული, რომელიც მებრძოლი და მშრომელი მოთამაშეა, მაგრამ ტურინში მხოლოდ 4 წლის წინ აღმოჩნდა. ამ ფონზე, ბონუჩი, თუნდაც სკამიდან და ბევრი წუთების გარეშე, მნიშვნელობანი იქნებოდა გუნდის შიდა კულტურის და ხასიათის, გასახდელის მართვის კუთხით. მით უმეტეს, რომ იუვეს ბევრი ახალგაზრდა ჰყავს. გუნდის შიდა კულტურას კი მშენებლობა უნდა. არ მგონია, რომ დანილო და შჩესნი საუკეთესო მასწავლებელია გატის, ფაჯოლის, მირეტის და სხვა ახალგაზრდებისთვის. ეს 1 წელი ლეოს ტურინში დარჩენა ეკუთვნოდა. მის მხარეზე იყვნენ მოთამაშეებიც. გუნდი, განსაკუთრებით იუვეს იტალიელები მას განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით დაემშვიდობნენ.

როგორ დარჩება ბონუჩი ისტორიაში?

თავის დროზე ლეგენდარული ენრიკო ომარ სივორი 8 ტურინული წელის შემდეგ ნაპოლიში გადავიდა და იუვეზე არცთუ სასიამოვნო რამეებს ლაპარაკობდა. ბონუჩის არ იყოს, რბილი ხასიათით და დახვეწილი საუბრით არც ლეგენდარული არგენტინელი გამოირჩეოდა. ისიც ქუჩის ბიჭი და ხულიგანი იყო. დღეს ეს არავის ახსოვს - სივორი იუვეს ლეგენდა და მისი პირველი დიდი ჯადოქარია. დროთა განმავლობაში ასეთი წყენები და კონფლიქტები ისტორიული გამარჯვებების სიდიადეში იკარგებდა ხოლმე. ასე მოხდება ბონუჩის შემთხვევაშიც. ვერანაირი კონფლიქტი ალეგრისთან ვერ შეცვლის იუვესთან ერთად 8 მოგებულ "სკუდეტოს", ისტორიულ დომინაციას, ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული დაცვის წევრობას, ათეულობით დიდ ომს შავ-თეთრი მაისურით, იუვეს კაპიტნობას და ლიდერობას წლების მანძილზე. ბონუჩი ყველაზე მეტად გამოხატავდა იუვეს ხასიათს, მის დომინაციას, ცინიკურობას და ბრუტალურობას. როგორც გოლის შემდეგ მისი ჟესტი - "პირი გამოირეცხეთ, სანამ იუვეზე რამე ცუდს იტყვით".

ბონუჩის საფირმო გოლის აღნიშვნა

არის სხვა ამბავიც - 10 წელი იტალიის ნაკრებში და ტრიუმფალური ევრო 2020. ლეო თავისი სიტყვით და ხასიათით არამხოლოდ იუვეს, არამედ იტალიის ნაკრებიც ლიდერიც იყო. საკმარისი იყო, გენახა, როგორ ასრულებს იტალიის ჰიმნს, ომში მიმავალი ჯარისკაცივით, რომ მაშინვე მიხვდები, ეს გუნდი მისთვის რამდენს ნიშნავს.

ვინ გაათანაბრა "უემბლიზე" ინგლისთან ფინალში?! ვინ დახვდა იმ კუთხურს სწორ დროს და სწორ ადგილზე?! გგონიათ, ეს შემთხვევითობა იყო? მე ამის არ მჯერა - ძალიან დიდმა კაცმა გადამწყვეტ დროს თავის თავზე აიღო და თავის გუნდს და მთელ იტალიას უშველა. მე ასე მჯერა და ასე ვხედავ. მაგ ტურნირზე ბონუჩიმ ორი გადამწყვეტი პენალტიც შეაგდო - მატჩისშემდგომ პენალტებში, ჯერ ესპანეთთან და შემდეგ ინგლისთან. პასუხისმგებლობის სიმძიმე თავის თავზე აიღო და შეასრულა - ეგეთები არ ეშლებოდა.

ლეო ინგლისთან გოლს ზეიმობს

ლეოს გარეშე ეგ ჩემპიონობა არ იქნებოდა - მისი და კიელინის დუეტი იმ გუნდის ფუნდამენტი იყო. ასე რომ, იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრები ბონუჩისთან ვალში ვართ. ამ თაობის იტალიელებში მასზე მაგრად და მასზე მეტად გადამწყვეტ მომენტს და გადამწყვეტ დარტყმას ვერავის მიანდობდი. ხასიათის, პიროვნული მასშტაბის და სიდიდის ამბავია. მანჩინის მოგებული ტურნირის შემდეგ ინტუიცია სულ რომ არ დაჩლუნგებოდა, შვეიცარიასთან იმ გადამწყვეტ პენალტებს, რომლებიც იტალიას მუნდიალზე ვერგასვლად დაუჯდა, ჟორჟინიოს კი არა, ბონუჩის მიანდობდა.

ტურინული თავგადასავალი დასრულებულია, თუმცა ძალიან მინდა "აძურის" მაისურში ბონუჩი კიდევ ერთ დიდ ტურნირზე ვნახოთ. შემდეგ წელს ევროპის ჩემპიონატია და იმედია, ლუჩანო სპალეტი უფრო ბრძენი იქნება, ვიდრე მანჩინი ან ალეგრი...

კომენტარები

ბოლო ამბები