Thumbnail
  • 📅 30 სექტემბერი | ⌚ 19:45 | 🏟 ბორდო | 🏉 ფიჯი V საქართველო | 📺 I არხი
  • ბორჯღალოსნები მომავალ შეხვედრას დანაკლისითა და მძიმე ემოციური ფონით ხვდებიან
  • ფიჯის მეოთხედფინალამდე ცოტა აშორებს და ეცდება, ამოცანა ამ მატჩშივე გადაჭრას
  • ყველაფერი, რაც მსოფლიო თასის ბოლოსწინა ტურის თამაშის შესახებ უნდა იცოდეთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ თამაშობს და თუ სადებიუტო ტურნირს (2003 წელს) არ ჩავთვლით, თითო მატჩის მოგებას ყოველთვის ახერხებდა.

წლეულს საკმაოდ დიდი შანსია, ბორჯღალოსნები გამარჯვების გარეშე დარჩნენ, რადგანაც ავსტრალიასთან წაგებას (15:35) პორტუგალიასთან მოულოდნელი ფრე (18:18) მოჰყვა, დარჩენილი 2 მეტოქე (ფიჯი და უელსი) კი აშკარად ჩვენზე უკეთ გამოიყურება.

ლევან მაისაშვილის შეგირდები მომდევნო მატჩს შაბათს, 30 სექტემბერს ბორდოში ჩაატარებენ და ფიჯის ეროვნული გუნდის სახით უძლიერესი მოწინააღმდეგე ელით.

პორტუგალიასთან ფიასკოს შემდეგ, 23-კაციანი შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული როლი ტრავმებმა ითამაშეს. მიმდინარე მსოფლიო თასი ნაადრევად დაასრულეს ბექა გორგაძემა და ლუკა ჯაფარიძემ. მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს. ფიჯისთან მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში

შარიქაძის არყოფნაში ბორჯღალოსნების კაპიტანი გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი იქნება. მის ანგარიშზე 74 კეპია, აქედან 5 – კაპიტნის რანგში. ნარიაშვილთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ბექა გიგაშვილმა. კვაჭის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა თენგიზ ზამთარაძე.

თითო ცვლილებაა მეორე და მესამე ხაზში. კოტე მიქაუტაძეს ამჯერად ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, თორნიკე ჯალაღონია ტრავმირებული გორგაძის ადგილს დაიკავებს, ფლანკერად კი მსოფლიო თასზე თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს მიხეილ გაჩეჩილაძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.

წინა მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა ხაზში. შეიცვალა ღერძი და თამაშს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი იწყებს. ცენტრში შარიქაძის ადგილზე გიორგი კვესელაძე გადაინაცვლებს და მას დემე თაფლაძე შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად მირიან მოდებაძე დადგება, დავით ნინიაშვილი ფრთაზე იქნება, ხოლო მეორე ფრთაზე კვლავ აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "გუნდში ყოველთვის საბრძოლო განწყობაა, ეს არცერთი მატჩის წინ არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში სათანადოდ ვერ გავაკეთეთ ის საქმე, რაც დაგეგმილი გვქონდა. მესმის, რომ რთულია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პორტუგალიასთან ჩვენს მოგებას ელოდა, მაგრამ ამჟამად ფიჯიზე ვართ ორიენტირებული. ახლა, ნაკრების ყველა მოთამაშე 100%-ით მზადაა. ველოდებით სპეციალისტების დასკვნას მერაბ შარიქაძის ტრავმაზე. წარმატებისთვის საჭიროა დაცვაში, შეტევაში, კონტრშეტევასა და შეჯგუფებებში კარგად ვითამაშოთ. ყველა ასპექტში კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ".

ფულბეკად ამჯერად მირიან მოდებაძე დადგება, დავით ნინიაშვილი კი ფრთაზე იქნება

"მფრინავი ფიჯელები" ასეთ კარგ ფორმაში დიდი ხანია არ ყოფილან და ლოგიკურიც არის, რომ მეოთხედფინალში გასვლამდე ცოტა აშორებთ. საკმარისია, საიმონ რაივალუის ბიჭებმა "ბორჯღალოსნებს" ბონუს-ქულით სძლიონ, რომ პრაქტიკულად გაიფორმებენ პლეი ოფის საგზურს, რადგან ჯგუფში მე-2 ადგილს მათ თეორიულად მხოლოდ პორტუგალია თუ შეეცილება, რომელმაც დარჩენილი ორ შეხვედრაში ბონუს-ქულით ავსტრალიასაც უნდა მოუგოს და ფიჯისაც, რაც ძნელად წარმოსადგენია.

შეგახსენებთ, რომ კუნძულელებმა სასტარტო მატჩი უელსთან ჩაატარეს და მართალია, 26:32 წააგეს, 7 ან ნაკლები ქულით მარცხისთვისა და 4 ლელოს დადებისთვის ერთბაშად 2 ქულა აიღეს, ამას კი ავსტრალიასთან გმირული გამარჯვება (22:15) მოჰყვა.

ამ დროისთვის, მსოფლიო თასის C ჯგუფს 14 ქულით უელსი ლიდერობს და მას მეოთხედფინალში თამაში განაღდებული აქვს, ფიჯისა და ავსტრალიას 6-6 ქულა გააჩნიათ, საქართველოსა და პორტუგალიას კი – 2-2. ამასთან ფიჯის, საქართველოსა და პორტუგალიას თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ცნობისთვის, ფიჯი მსოფლიო თასზე მეცხრედ თამაშობს. მან მხოლოდ ერთი – 1995 წლის ჩემპიონატი გამოტოვა, ორჯერ კი მეოთხედფინალში (1987 და 2007 წლებში) გავიდა და წელს ამ შედეგის გამეორების კარგი შანსი აქვს.

სწორედ ამიტომ კუნძულელები საქართველოსთან მატჩს სრული სერიოზულობით უდგებიან და ამაზე მათი მწვრთნელის მიერ შერჩეული შემადგენლობაც მეტყველებს. საიმონ რაივალუის გადაწყვეტილებით, იმ თხუთმეტეულში, რომელმაც ავსტრალიასთან თამაში დაიწყო, ერთადერთი ცვლილებაა: მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ჟიუტა ვაინიქოლოს ნაცვლად სელესტინო რავუტაუმადა ითამაშებს.

ფიჯის ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვს

საიმონ რაივალუი (ფიჯის ნაკრების მწვრთნელი): "ახლა, ფიჯის ნაკრების შესახებ ბევრს საუბრობენ და ითვლიან, მიზნის მისაღწევად რა გვჭირდება. ჩვენს გეგმებში ნამდვილად არაფერი შეცვლილა, მომავალი მატჩისთვის ისევ უდიდესი პასუხისმგებლობით ვემზადებით. საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ. მათთან არაერთხელ გვითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ ფიჯი და საქართველო განვითარების ერთ ეტაპზე დგანან. მომავალი მატჩი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ამ კვირაში სათანადოდ მომზადებისთვის ყველაფერს გავიღეთ და და რა გამოვა, ამას შაბათს ვნახავთ".

საქართველოს ფიჯისთან 6-ჯერ უთამაშია და აშკარა უპირატესობა მეტოქის მხარესაა. ბორჯღალოსნებმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს, ერთიც ფრედ დაასრულეს, 4-ში კი გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ.

პირველი მატჩი 2012 წელს მიხეილ მესხზე შედგა და ფიჯიმ 24:19 იმარჯვა. 2016 წელს სტუმრად, სუვაში რევანში შედგა – საქართველომ 14:3 მოიგო. 2018-2021 წლებში მეტოქეს ოთხჯერ ვეთამაშეთ: სუვაში – 15:37, 2019 წლის მსოფლიო თასზე ოსაკაში (იაპონია) – 10:45, 2020 წელს ედინბურგში (შოტლანდია) – 24:38 და 2021 წელს არანხუესში (ესპანეთი) – 15:15.

გასულ მატჩებში საქართველომ ფიჯის გაუტანა 8 ლელო და 97 ქულა, თავად კი 23 ლელო და 162 ქულა გაუშვა. მოცემული მომენტისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზეა, საქართველო კი მე-14-ზე, ამდენად, მოახლოებულ შეხვედრაში გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დიდ სარგებელს მოუტანს.

თუკი საქართველოს ნაკრებმა ფიჯის დამარცხება (ნებისმიერი ანგარიშით) მოახერხა, ეს საკმარისი იქნება, რომ ერთბაშად 4 საფეხურით დავწინაურდეთ და ისტორიაში პირველად მოწინავე ათეულში აღმოვჩნდეთ. კიდევ უფრო გავკადნიერდეთ და თუკი კუნძულელებს 15 ქულაზე მეტით ვაჯობეთ, მე-9 ადგილზე გადავინაცვლებთ.

სემი რადრადრა, რომელმაც წინა მსოფლიო თასზე საქართველო 2-ჯერ დაალელოვა, ისევ სასტარტოში იქნება

საქართველო – ფიჯი

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით ნინიაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ირაკლი აფციაური, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თორნიკე კახოიძე.

ფიჯი: 15. ილაისა დროასესე, 14. სელესტინო რავუტაუმადა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ (კაპ.), 12. ჯოსუა ტუისოვა, 11. სემი რადრადრა, 10. ტეტი ტელა, 9. სიმიონე კურუვოლი; 1. ერონი მავი, 2. სამუელ მატავესი, 3. ლუკე ტაგი, 4. ისოა ნასილასილა, 5. ტეაჰივარუ სირიკიდავეტა, 6. ლეკიმა ტაგიტაგივალუ, 7. ლევანი ბოტია, 8. ვილიამე მატა.
სათადარიგოები: 16. ტევიტა იკანივერე, 17. პენი რავაი, 18. სამუ ტავაკე, 19. ტემო მაიანავანუა, 20. ალბერტ ტუისუე, 21. ფრანკ ლომანი, 22. ვილიმონი ბოტიტუ, 23. ვინაია ჰაბოსი.

კომენტარები

ბოლო ამბები