- ევროპირველობას 3-5 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქი მონპელიე უმასპინძლებს
- ლაშა გუჯეჯიანმა 2 წონა გააორა და ტურნირზე 9 ძიუდოისტი მიჰყავს
საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელსაც 3-5 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქი მონპელიე უმასპინძლებს.
გუჯეჯიანმა დაშვებული ქვოტა სრულად გამოიყენა, 2 წონა გააორა (90 და +100 კგ.) და ევროპირველობაზე ფაქტობრივად ყველა ქართველი ვარსკვლავი მიჰყავს. ვაჟთა ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.), გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100 კგ.).

ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის 15 ქვეყნის 120 ძიუდოისტი (61 კაცი, 59 ქალი) დარეგისტრირდა. განრიგის თანახმად, 3 ნოემბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 4 ნოემბერს – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 5 ნოემბერს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი Sud de France Arena-ზე თბილისის დროით სამივე დღეს 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპირველობას ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, ქართული დელეგაციის მონაგარი კი 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი იყო. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) დაეუფლნენ.
კომენტარები