- ეკატერინე გორგოძე სანტა მარგერიტა დი პულაში წყვილთა თანრიგში ასპარეზობს
- მან გერმანელ მეწყვილესთან ერთად 2 რაუნდი დასძლია და გადამწყვეტი თამაში ელის
31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების ფინალში ითამაშებს.
გორგოძე და გერმანელი კატარინა ჰობგარსკი FORTEVILLAGE ITF TROPHY-ში პირველი განთესვით ჩაებნენ და ჯერჯერობით, ფავორიტთა სტატუსს ამართლებენ. გორგოძემა და ჰობგარსკიმ მეოთხედფინალში შვეიცარიელი კოზაკოვა და სლოვაკი ვარგოვა 7:5, 6:3 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი იტალიელ კოლმენასა და გერმანელ კლასენს 6:2, 6:3 სძლიეს.
უკვე ცნობილია, რომ 30 სექტემბერს დაგეგმილ ფინალში ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელები მე-3 განთესვის მქონე ესპანურ-იტალიურ წყვილს (კავალე-რეიმერსი/ძანტედესკი) გაეჯიბრებიან.
ცნობისთვის, ბოლოს (მიმდინარე წლის აგვისტოში) გორგოძემ ვროცლავის ღია პირველობა მოიგო (ისიც წყვილებში). მის აქტივში ITF-ის 51 ტიტულია, აქედან 33 წყვილთა თანრიგში. სულ კი ეკატერინეს ანგარიშზე 57 ტიტულია (2 WTA-ს ეგიდით, 4 WTA-ს ჩელენჯერზე).
კომენტარები