- ბრუნო ჯორდანომ Corriere dello Sport-თან ხვიჩას გოლზე დეტალურად ისაუბრა
- ისევ ის კვარა - გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი
ნაპოლი-უდინეზეს (4:1) მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკურ თამაშზე იტალიაში კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ. გოლზე, რომელიც 22 წლის ქართველმა შემტევმა 192-დღიანი პაუზის შემდეგ შეაგდო და უიღბლო პერიოდი დაასრულა, ამჯერად ყურადღება ნაპოლისა და ლაციოს ყოფილმა თავდამსხმელმა ბრუნო ჯორდანომ გაამახვილა.

"დიახ, უდინეზესთან ის ისეთი იყო, როგორსაც ყველა ვიცნობით - ნამდვილი, ძლიერი, რომელსაც შეუძლია პენალტის მოპოვება, რომელსაც სწყურია გოლის გატანა და აღწევს კიდეც მიზანს.
მისი გარღვევა ფანტასტიკური იყო. და ეს არ იყო იოლი, რადგან ძელზე ორჯერ მორტყმის შემდეგ, ემოციურად რთულია ასე ითამაშო. კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ აქვს ჩემპიონის გრძნობა და ხასიათი. ალბათ, ეს გოლი სიმშვიდეს მოგვრის რთული პერიოდის შემდეგ.
გოლის მომენტში მან საკმაოდ რთული ტექნიკური ფინტი შეასრულა, როდესაც მისთვის ხელის შეშლას სილვესტრი (უდინეზეს მეკარე) შეეცადა. კვარას ზედმეტად მაღლა რომ აეგდო ბურთი, მის დაკარგვას რისკავდა, რადგან მცველები ჩამოუსწრებდნენ. მან ყველაფერი ბრწყინვალედ გათვალა - დროც და სივრცეც და ბურთს კარამდე მიყვა. დარტყმისთვის შემზადება იდეალური ჰქონდა.
თუკი მანამდე მის მოქმედებასაც დააკვირდებით, როდესაც ბურთი ჩაჭრა, მან უბრალო ვარდნა კი არ შეასრულა, არამედ ამით ფაქტობრივად საგოლე მომენტი შეიქმნა. მას ყველაფერი სანტიმეტრებში აქვს გათვლილი და მიზანმიმართულად ასრულებს. მთლიანობაში, ის ირჩევს მოქმედებათა იმ ერთადერთ ვარიანტს, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ცარიელ კარში გოლის გატანა. მისი ფეხბურთი ხელოვნებაა", - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა Corriere dello Sport-თან.
ნაპოლის სერია A-ში ჩატარებულ 6 თამაშში 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. რუდი გარსიას გუნდი 30 სექტემბერს, მე-7 ტურში, სტუმრად ლეჩეს ეთამაშება, უკვე 3 ოქტომბერს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალს უმასპინძლებს.
კომენტარები