Thumbnail
  • ჯუნტოლიმ თქვა, რომ კვარაცხელიას ნაპოლიში ომის გარეშე ვერ დაიმატებდა
  • ნაპოლის ექსდირექტორი ახლა იუვენტუსში ბედნიერია, რომელსაც ქომაგობს

ნაპოლის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ, რომელიც ამჟამად იუვენტუსში მუშაობს, La Repubblica-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

პირველ რიგში იუვენტუსში გადასვლაზე, რომელსაც ის ბავშვობიდან გულშემატკივრობდა.
"იუვეს" შესახებ კრისტიანომ თქვა:

"იუვენტუსში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მახსოვს, რომ თავიდან პაპასთან ერთად დავდიოდი იუვეს თამაშებზე ფლორენციაში, ხან ბოლონიაში, ასევე ვიყავი პისტოიაში, შემდეგ უკვე ტურინში ავტობუსით მივდიოდი პრატოდან. მე პლატინის, ბონიეკის, ტარდელის იუვეზე გავიზარდე, მამაჩემიც "ბიანკონერის" დიდი გულშემატკივარი იყო. 1998 წელს ამსტერდამში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დავესწარი, რომელიც რეალთან მიატოვიჩის მიერ თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლით წავაგეთ".

ჯუნტოლი კვარას აჯილდოვებს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით

ჯუნტოლიმ ასევე ისაუბრა ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერებზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევებში მას გაუმართლა, რადგან ბევრი გარემოება ისე დაემთხვა, რომ მათი დამატების შანსი გაუჩნდა:

"დღეს ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის, ძნელია სხვებს აჯობო დროში და დაბალ ფასად გააკეთო ტრანსფერი. მე ნაპოლიში რამდენიმე დამთხვევა მქონდა, მაგალითად, კვარას ომის გარეშე იმ ფასად ვერ დავიმატებდი, ხოლო პანდემიის გამო სეზონი რომ არ შეწყვეტილიყო, ალბათ, ოსიმენი საფრანგეთში 30 გოლს გაიტანდა და პრემიერლიგაში წავიდოდა".

შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ჯუნტოლი ნაპოლის სპორტულ დირექტორად 2015-2023 წლებში მუშაობდა. მან ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ მოახერხა, ხოლო ვიქტორ ოსიმენი 2020 წელს ლილიდან 70 მილიონ ევროდ იყიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები