Thumbnail

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო აზრის დაფიქსირებას ყველა აქტუალურ საკითხზე ახერხებს და არც ვიქტორ ოსიმენია გამონაკლისი. უფრო კონკრეტულად, სკანდალი, რომელიც TikTok-ის ვიდეოს გამო ნიგერიელ ფორვარდსა და ნაპოლის შორის წარმოიშვა.

კასანოს აზრით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი აურელიო დე ლაურენტისია, ხოლო ოსიმენმა ნეაპოლელებთან კონტრაქტი არ უნდა გაახანგრძლივოს და კლუბიდან უფასოდ წავიდეს.

"40 წლის ვარ და ცხოვრებაში პირველად ვნახე, რომ კლუბმა თავის ფეხბურთელს გაცუდებული პენალტის გამო დასცინა. კიდევ უფრო მძიმეა ის განცხადება, რომელიც კლუბმა გამოაქვეყნა და ფეხბურთელს ბოდიშს არ უხდის, უბრალოდ ამბობს, რომ ოსიმენი შეურაცხყოფილი არ უნდა იყოს, რადგან კლუბმა ზაფხულში 1000 წინადადება უარყო. დე ლაურენტისმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ კატასტროფაზე, რომელიც მან გამოიწვია! სწორი იქნება, თუ ოსიმენი მომავალ წელს ნაპოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ წავა", - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის TikTok-ზე ოსიმენის შესახებ ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც მალევე წაშალეს, მაგრამ ფეხბურთელმა ეს უარყოფითად მიიღო და კლუბს სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა. თავის მხრივ, კლუბმა ვიქტორს ბოდიში არ მოუახადა, მაგრამ განაცხადეს, რომ ვიდეოს მიზანი ოსიმენის შეურაცხყოფა ან დაცინვა არ იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები