Thumbnail

უელსის მწვრთნელი: საქართველოს მატჩები ვნახე, მეტოქე სახიფათოა

  • უელსის ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფში დასკვნით მატჩს სერიოზულად მოეკიდება
  • უელსელთა უკანა ხაზის მწვრთნელმა მაიკ ფორშოუმ ბორჯღალოსნებზე ილაპარაკა

უელსის ნაკრებს 2023 წლის მსოფლიო თასის 1/4-ფინალში თამაში უკვე განაღდებული აქვს, თუმცა C ჯგუფის ბოლო მატჩში, რომელსაც "ბორჯღალოსნებთან" 7 ოქტომბერს გამართავს, გამარჯვება და ლიდერობის შენარჩუნება სურს.

უელსის ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელმა მაიკ ფორშოუმ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებთან შეხვედრას სერიოზულად უდგებიან და არ აპირებენ შარშანდელი შეცდომების დაშვებას, როდესაც კარდიფში ჩატარებულ ტესტმატჩი "ბორჯღალოსნებთან" ანგარიშით 12:13 წააგეს.

უელსმა C ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და 14 ქულით ლიდერია

"ბოლო დღეების განმავლობაში მათ (საქართველოს ნაკრების) რამდენიმე თამაშს ვუყურე. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ სახიფათონი არიან. ბურთს კარგად ათამაშებენ. მათ მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება არ გვექნება", - აღნიშნა მაიკ ფორშოუმ.

საქართველოს ნაკრები, რომელმაც საფრანგეთში მიმდინარე ტურნირში ავსტრალიასთან წააგო, პორტუგალიასთან კი ფრედ ითამაშა და 2 ქულა აქვს, უელსთან დაპირისპირებამდე ჯერ ფიჯის (6 ქულა) შეხვდება - 30 სექტემბერს, ბორდოში. იმისთვის, რომ "ბორჯღალოსნებმა" ბოლო ტურის წინ პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსი შეინარჩუნონ, კუნძულელებთან უნდა მოიგონ.

კომენტარები

ბოლო ამბები