- ლეჩე 0:4 ნაპოლი
- იტალიის ჩემპიონმა სერია A-ს მე-7 ტურში სტუმრად ლეჩეს მოუგო
- ხვიჩა კვარაცხელიამ წვლილი ნაპოლის პირველ ორ გოლში შეიტანა
- 'კიდევ ერთი პასუხი კრიტიკოსებს' - რას წერს მედია კვარაცხელიას თამაშზე
მართალია, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ზედიზედ მეორე თამაშში ვეღარ შეძლო, თუმცა ნაპოლის გამარჯვებაში მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ნეაპოლელებმა მორიგი 3 ქულა სტუმრად ლეჩესთან მოიპოვეს, 22 წლის ქართველი შემტევი კი ამჯერად საგოლე გადაცემით დაკმაყოფილდა. ოღონდ, საუბარია იდეალურ პასზე, რის შემდეგაც ვიქტორ ოსიმენმა თავით მარტივად შეაგდო. სათქმელია ისიც, რომ მანამდე ლეჩეს კარში გასული პირველი გოლიც იმ საჯარიმოს მოყვა, რომელიც კვარაცხელიას წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის დაინიშნა.

რუდი გარსიამ "ვია დელ მარეზე" სათამაშოდ სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა ბოლო დროს კლუბისგან განაწყენებული ვიქტორ ოსიმენი და ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჯოვანი სიმეონე გაამწესა, რომელსაც მარცხნიდან ხვიჩა, ხოლო მარჯვნიდან იესპერ ლინდსტრიომი ამოუყენა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელიც და დანიელიც ამ სეზონში ნეაპოლელთა სასტარტოში პირველად გამოჩნდნენ. სხვა მხრივ კი, ფრანგი სპეციალისტის თერთმეტეულში, რომელსაც სამი დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალთან უწევს შეხვედრა, სიურპრიზები არ ყოფილა.
რაც შეეხება ლეჩეს, რობერტო დ’ავერსას გუნდი მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრას 11 ქულით და ცხრილში მე-6 ადგილზე შეხვდა, თუმცა მატჩის დასაწყისიდანვე გამოჩნდა, რომ ნაპოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდებოდა. ანგარიშიც მე-16 წუთზე გაიხსნა და გოლი ლეო ესტიგორმა თავური დარტყმით, საჯირიმოდან პიოტრ ჟიელინსკის ჩაწოდების შემდეგ შეაგდო - 0:1.

ტაიმში ამ ანგარიშით დასრულდა. კარგი მომენტი სიმეონეს ჰქონდა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. რაც შეეხება ხვიჩას, 22 წლის ქართველი შემტევი მეტოქის კარს ჯერ თავური დარტყმით დაემუქრა, მოგვინებით კი - საჯარიმო დარტყმით. ორივე ეპიზოდში ბურთი მცირე მანძილით აცდა ვლადიმირო ფალკონეს კარს. კვარამ შესვენებამდე ყვითელი ბარათიც მიიღო, მეტოქის სწრაფი იერიშის შეჩერებისთვის.
გარსიამ ვიქტორ ოსიმენი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაართო და ნიგერიელსაც ხუთიოდე წუთი დასჭირდა გასატანად. ოღონდ, მანამდე ყველაფერი იდეალურად ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, რომელმაც სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ თავბრუ დაახვია მასპინძელთა მარჯვენა მცველს და ნიგერიელ თანაგუნდელს ბურთი თავზე "დაასვა" - 0:2.

ამის შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა კვარას მოედანზე ყოფნა საჭიროდ აღარ მიიჩნია და მალევე დაასვენა. ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში სერია A-ს 6 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს.
ლეჩეში ანგარიში კიდევ ორჯერ შეიცვალა და თავი გოლებით მოედანზე შეცვლაზე შესულმა სტუმარმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს. თამაშის მიწურულს ჯერ ჯანლუკა გაეტანომ შეაგდო, შემდეგ კი 11-მეტრიანიდან მატეო პოლიტანო იყო ზუსტი - 0:4.

ნაპოლიმ ლეჩეში მოპოვებული გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით მესამე პოზიციამდე აინაცვლა, თუმცა მისი გადასწრების შანსი აქვთ იუვენტუსსა და ატალანტას, რომლებიც ტურის შეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებენ. გარსიას გუნდს წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩი ელოდება რეალთან "მარადონაზე" (3 ოქტომბერს), იტალიის ჩემპიონატს კი 8 ოქტომბერს, ფიორენტინასთან საშინაო შეხვედრით დაუბრუნდება.
ლეჩე 0:4 ნაპოლი
გოლები: 0:1 ოსტიგორი (16’), 0:2 ოსიმენი (51'), 0:3 გაეტანო (88'), 0:4 პოლიტანო (90+5').
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, ოსტიგორი, ნატანი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა (76' კაიუსტე), ჟიელინსკი (83' გაეტანო) - ლინდსტრიომი (58' პოლიტანო), სიმეონე (46' ოსიმენი), კვარაცხელია (58' რასპადორი).
კომენტარები