Thumbnail

სერია A-ს მე-7 ტურში ნაპოლიმ სტუმრად ლეჩე ძალიან ადვილად, 4:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

რუდი გარსიამ რეალთან თამაშის წინ ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ 57 წუთით დატვირთა, მაგრამ ქართველმა ვარსკვლავმა ამ დროშიც მოასწრო შესანიშნავად გარჯა, რაც მას საგოლე პასით დაუფასდა, ხოლო იტალიურმა მედიამ ის მაღალი ქულებით შეაფასა.

Calciomercato.it – 7.5 ქულა: "იცავს, ქმნის და ამთავრებს. გოლი დააკლდა, მაგრამ ერთი საათი ითამაშა და ყველაფერი გააკეთა. ოსიმენზე საგოლე პასი კი იმდენად დიდებულია, მას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ერგო".

Tuttonapoli – 7 ქულა: "უდინეზესთან გოლმა დაამშვიდა და კვარა ნელ-ნელა თავის საფირმო სტილში თამაშობს. ოსიმენზე ასისტი წარსულში ნანახი აღმაფრთოვანებელი მოქმედებაა - ჩვეული განსაცვიფრებელი სილამაზით".

Calcionapoli1926 – 7 ქულა: "უდინეზესთან მატჩის კვალდაკვალ ეს თამაშიც ცოცხლად დაიწყო. 55 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარა და ოსიმენს შესანიშნავი პასი გაუკეთა".

კვარა-ოსის დუეტი დაბრუნდა

Sportmediaset – 6.5 ქულა: "პირველ ტაიმში რამდენიმე გამონათება ჰქონდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ოსიმენს იდეალური პასი გაუკეთა, რის შედეგადაც ვიქტორს ბურთი უბრალოდ ბადეში უნდა გადაეგზავნა".

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: "ჩაწოდება, რომელიც ოსიმენზე საგოლე პასად იქცა, ცისარტყელაა, რომელიც მისი მარჯვენა ფეხითაა დახატული. კიდევ ერთი პასუხი მათ, ვინც თქვა, რომ მან თამაში მარტში შეწყვიტა".

Sport.virgilio 6.5 ქულა: "მეორე ტაიმში ოსიმენს დიდებული პასი გაუკეთა, პირველ ტაიმშიც თამაშის ტემპს ზედმეტი აჩქარების გარეშე კარგად აკონტროლებდა".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

ნაპოლი სერია A-ში 14 ქულით ამ წუთისთვის მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 ოქტომბერს, ფლორენციის ფიორენტინას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები