- ფიჯი 17:12 საქართველო
- ბორჯღალოსნებმა მეტოქეს პირველ ნახევარში ქულა არ მოაპოვებინეს
- დიდი შანსია, მსოფლიო თასზე გამოსვლა მოგების გარეშე დავასრულოთ
- 'ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა' - მაისაშვილი ფიჯისთან მარცხზე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მისთვის მე-6 მსოფლიო თასზე გამოდის, ტურნირის მოგების გარეშე ჩამთავრებასთან ძალიან ახლოსაა. მსგავსი ცუდი შედეგი "ბორჯღალოსნებს" მხოლოდ სადებიუტო, 2003 წლის მსოფლიო თასზე ჰქონდათ, როდესაც ჯგუფში ოთხივე თამაში დათმეს. მას შემდეგ კი ტურნირში, სულ ცოტა, ერთი თამაშის მოგებას ყოველთვის ახერხებდნენ.
სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნებმა" ფიჯის შეჩერება მხოლოდ პირველ ნახევარში მოახერხეს, მეორეში კი მეტოქეს 17 ქულის მოპოვების საშუალება მისცეს და საბოლოდ 5 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. ლევან მაისაშვილის გუნდს საფრანგეთში ერთი თამაშიღა რჩება ჩასატარებელი და ისიც ჯგუფის ლიდერ უელსთან, რომელთანაც წარმატების მიღწევის შანსი მიზერულია.
“ბორჯღალოსნები” კუნძულელებთან დაპირისპირებას ტრავმებით გამოწვეული საკადრო პრობლემებით შეხვდენენ. პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (18:18) შემდეგ, ფიჯისთან გამოირიცხა გუნდის კაპიტნის მერაბ შარიქაძის თამაში, რომელსაც მცირე დაზიანებები დაუდგინდა. ტრავმები მიიღეს ბექა გორგაძემ და ლუკა ჯაფარიძემაც, რომლებმაც მსოფლიო თასზე გამოსვლა სულაც დაასრულეს და მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს.
"ბორჯღალოსნებმა" ბორდოს სტადიონზე ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარეს და მეტოქეს ქულაც არ ააღებინეს, თავად კი 3 საჯარიმო გაიტანეს და რომ არა დასკვნით ფაზაში დაშვებული შეცდომები, შესვენებამდე ლელოსაც მიითვლიდნენ.
საქართველოს ნაკრებს, რომლის მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს საწყის წუთებშივე მოუხდა იძულებითი ცვლილებების განხორციელება (ზამთარაძის და ჯაიანის ტრავმების გამო), შესვენებამდე ქულები ლუკა მატკავამ და დავით ნინიაშვილმა (2-ჯერ) ზუსტი საჯარიმო დარტყმებით მოუტანეს, მთლიანობაში კი, ქართველი მორაგბეების ტაქტიკურად გამართლებული და დაცვაში ძალიან კონცენტრირებული თამაშის წყალობით, პირველ ნახევარში ფიჯელთა ყველა ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა - 0:9.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფიჯელები კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა სემი რადრადრა გაასინბინა. სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნებმა" რიცხობრივი უპირატესობა და ლელოს დადების კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც თამაში უკვე მეტოქის კარნახით წარიმართა და ეს ანგარიშშიც აისახა. ფიჯელებმა ორჯერ ლელო დაგვიდეს, ორივეჯერ გარდასახეს, ორიდან ერთი საჯარიმო გაიტანეს და თამაშის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე ანგარიშში 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩის მიწურულს მატკავას ზუსტმა საჯარიმომ "ბორჯღალოსნებს" მხოლოდ ქულა მოუტანა.
საფრანგეთში მიმდინარე ტურნირში ლევან მაისაშვილის გუნდი ბოლო შეხვედრას 7 ოქტომბერს, C ჯგუფის ლიდერი უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს. არის შანსი, საქართველოს ნაკრებს პორტუგალიამ გადაასწროს, რომელსაც 2 თამაში აქვს ჩასატარებელი - ავსტრალიასა (1 ოქტომბერს) და ფიჯისთან (8 ოქტომბერს).

მატჩის სტენოგრამა
🏉 მე-5 წთ: ქართველმა მორაგბეებმა ფიჯელები დააჯარიმეს და ლუკა მატკავამა ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 0:3
🏉 მე-14 წთ: ფიჯელმა სიმიონე კურუვოლიმ ჯარიმა ვერ გაიტანა, ანგარიში არ შეცვლილა
🏉 მე-19 წთ: დავით ნინიაშვილმა ჯარიმა გაიტანა და საქართველო 6 ქულით დაწინაურდა - 0:6
🏉 31-ე წთ: ნინიაშვილმა მეორე ჯარიმაც გაიტანა და საქართველო 9 ქულით გაიჭრა წინ - 0:9
🏉 39-ე წთ: ჯალაღონიას წინ პასის გამო ტაბუცაძის ლელო გაუქმდა
🏉 41-ე წთ: მეორე ტაიმის სტარტზე მსაჯმა მოედნიდან სემი რადრადრა გაასინბინა, ფიჯი 10 წუთის განმავლობაში 14 კაცით დარჩა
🏉 51-ე წთ: ფიჯიმ 14 კაცითაც შეძლო ლელოს დადება, თავი ვაისელა ნაიკალევუმ გამოიჩინა
🏉 52-ე წთ: ფრანკ ლომანიმ გარდასახვა გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 7:9
🏉 56-ე წთ: ფრანკ ლომანიმ ჯარიმა ვერ გაიტანა, ანგარიში უცვლელია - 7:9
🏉 64-ე წთ: ფრანკ ლომანიმ ჯარიმა გაიტანა და ფიჯი წინ გავიდა - 10:9
🏉 68-ე წთ: ვინაია ჰაბოსიმ ფიჯელთა მეორე ლელო გაიტანა]
🏉 69-ე წთ: ფრანკ ლომანიმ გარდასახვა გაიტანა და ფიჯელები 8 ქულით დაწინაურდნენ - 17:9
🏉 მე-80 წთ: ჯოშუა ტუისოვა მირიან მოდებაძესთან უხეშობის გამო გაასინბინეს
🏉მე-80 წთ: ლუკა მატკავამ ჯარიმა გაიტანა - 12:17
საინტერესო ფაქტები
🟠 ეს ბორჯღალოსნებისთვის მსოფლიო თასზე ჩატარებული 23-ე მატჩია. ქართველმა მორაგბეებმა ტურნირში 5 მოიგეს, 17 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
🟠 საქართველოს ნაკრები ფიჯის ისტორიაში მეშვიდედ დაუპირისპირდა და მეხუთედ დამარცხდა. ბორჯღალოსნებმა კუნძულელებს მხოლოდ ერთხელ მოუგეს, ერთხელად თამაში ფრედ დასრულდა.
🟠 მიხეილ ნარიაშვილმა ბორჯღალოსნებს მეექვსედ უკაპიტნა. გამოცდილი მორაგბის ანგარიშზე უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 75 მატჩია.
🟠 საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფრანგული გრენობლის 20 წლის ლეგიონერის ირაკლი აფციაურის დებიუტი შედგა, რომელსაც მანამდე უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ჰქონდა ნათამაშები.
🟠 საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მეექვსედ გამოდის და აქამდე 1/4-ფინალში არასდროს გასულა. ბორჯღალოსნებს საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე 2015 წელს ჰქონდათ, როდესაც ჯგუფში 2 მატჩის მოგება მოახერხეს (ტონგასა და ნამიბიასთან).
🟠 საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის მატჩში ლელოს დადება 2015 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა. მაშინ ბორჯღალოსნები არგენტინასთან ანგარიშით 9:54 დამარცხდნენ.
🟠 საქართველოს ნაკრები ზედიზედ 12 მატჩია, მსოფლიოს თასზე ლელოს უშვებს. ბოლოს "ბორჯღალოსნებმა" ჩათვლის მოედნის მშრალად დაცვა 2011 წელს, რუმინეთთან მოახერხეს.
ფიჯი 17:12 საქართველო
საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით ნინიაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ირაკლი აფციაური, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თორნიკე კახოიძე.
ფიჯი: 15. ილაისა დროასესე, 14. სელესტინო რავუტაუმადა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ (კაპ.), 12. ჯოსუა ტუისოვა, 11. სემი რადრადრა, 10. ტეტი ტელა, 9. სიმიონე კურუვოლი; 1. ერონი მავი, 2. სამუელ მატავესი, 3. ლუკე ტაგი, 4. ისოა ნასილასილა, 5. ტეაჰივარუ სირიკიდავეტა, 6. ლეკიმა ტაგიტაგივალუ, 7. ლევანი ბოტია, 8. ვილიამე მატა.
სათადარიგოები: 16. ტევიტა იკანივერე, 17. პენი რავაი, 18. სამუ ტავაკე, 19. ტემო მაიანავანუა, 20. ალბერტ ტუისუე, 21. ფრანკ ლომანი, 22. ვილიმონი ბოტიტუ, 23. ვინაია ჰაბოსი.
კომენტარები