Thumbnail

სერია A-ს მე-7 ტურში ნაპოლიმ სტუმრად ლეჩე 4:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი საგოლე პასი გააკეთა.

თამაშის შემდეგ ლეჩეს მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ ისაუბრა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი გამოარჩია:

"როდესაც ნაპოლის მსგავს გუნდს ეთამაშები, თუ შეცდომებს დაუშვებ და გოლს ვერ გაიტან, დამარცხდები. მათ აქვთ კვარაცხელიას ხარისხი, რომელმაც ოსიმენს შორეულ ძელთან შესანიშნავი პასი გაუკეთა. სამწუხარო ისაა, რომ ეს გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით. ნაპოლიმ დღეს იმ გუნდის სულისკვეთება აჩვენა, რომელმაც "სკუდეტო" მოიგო, მაგალითად, როდესაც ხედავ, რომ 1:0-ზე კვარა ჟენდრის ბურთის დასაბრუნებლად 50 მეტრზე მისდევს, ეს ყველაფერზე მეტყველებს. 0:4 წავაგეთ, ამიტომ, საჭიროა უბრალოდ გავჩუმდეთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ", - აღნიშნა დ’ავერსამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

ნაპოლი სერია A-ში 14 ქულით ამ წუთისთვის მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 ოქტომბერს, ფლორენციის ფიორენტინას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები