Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მისთვის მე-6 მსოფლიო თასზე გამოდის, ტურნირის მოგების გარეშე ჩამთავრებასთან ძალიან ახლოსაა. სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნებმა" ფიჯის შეჩერება მხოლოდ პირველ ნახევარში მოახერხეს, მეორეში კი მეტოქეს 17 ქულის მოპოვების საშუალება მისცეს და საბოლოდ 5 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.    

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ ნარიაშვილმა (კაპიტანი) და ლევან მაისაშვილმა (მთავარი მწვრთნელი) პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრეს.

''ვამაყობ ამ გუნდით. სამწუხაროდ, ეს არ იყო საკმარისი ამ თამაშის მოგებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას შემდეგი მატჩისთვის, უელსის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა მოთამაშე მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ ბოლო შეხვედრაში'', - განაცხადა ნარიაშვილმა.

''კარგად მოვემზადეთ ამ მატჩისთვის და ბიჭებმაც ძალიან კარგად ითამაშეს. სამწუხაროდ, თამაშის დასაწყისში ტრავმებმა დიდი ზიანი მოგვაყენა და მეორე ტაიმში ეს გამოჩნდა. რამდენიმე ახალგაზრდა და გამოუცდელი მორაგბე გვყავდა ამ მატჩში. მათ ბევრი იშრომეს და ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ძალიან ვამაყობ ჩემი მორაგბეებით. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ახლა უელსელებისთვის უნდა მოვემზადოთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კარგად ვითამაშოთ, რადგანაც ეს ჩვენი ბოლო თამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე'', - აღნიშნა ლევან მაისაშვილმა.

საფრანგეთში მიმდინარე ტურნირში ლევან მაისაშვილის გუნდი ბოლო შეხვედრას 7 ოქტომბერს, C ჯგუფის ლიდერი უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს. არის შანსი, საქართველოს ნაკრებს პორტუგალიამ გადაასწროს, რომელსაც 2 თამაში აქვს ჩასატარებელი - ავსტრალიასა (1 ოქტომბერს) და ფიჯისთან (8 ოქტომბერს).  

კომენტარები

ბოლო ამბები