- ქართველსა და ინგლისელსა აიაქსში სათამაშო დრო და პოზიცია არ მოსწონთ
- მორის სტეინმა ვალვაიკთან შეხვედრაში ორივე სათადარიგოთა შორის გაამწესა
- ვალვაიკი-აიაქსის მატჩი მეკარის მძიმე ტრავმის გამო 84-ე წუთზე შეწყდა
გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი მეციდან აიაქსში, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გამოვიდა ისეთი, როგორსაც 22 წლის ქართველი თავდამსხმელის გულშემატკივრები ისურვებდნენ. ლიგა 2-ის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი აღმოჩნდა ისეთ კლუბში, რომლის ხელმძღვანელობაში ქაოსია, გუნდს ცუდი შედეგები აქვს, ფანები გაბრაზებულები ჰყავს, მწვრთნელი კი არ ენდობა.
მიქაუტაძემ ამსტერდამელთა მაისურით სულ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - სიტარდსა (0:0) და ტვენტესთან (1:3). თუ პირველ მატჩში 90 წუთი ითამაშა, მეორეში მოედანზე ბოლო 27 წუთი გაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. აღსანიშნავი ის არის, რომ აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა ქართველი ფორვარდი ორივე ჯერზე მისთვის უჩვეულო პოზიციაზე - ნახევარდაცვაში ათამაშა.

ტვენტესთან მატჩის შემდეგ მიქაუტაძეს თამაშის შესაძლებლობა აღარ მისცემია. გიორგი სათადარიგოთა შორის დარჩა მარსელსა (3:3) და ფეიენოორდთან (0:4) შეხვედრებში და სკამზე იყო ბოლო ტურში, სტუმრად ვალვაიკთანაც, რომელიც მასპინძელთა მეკარის მძიმე ტრავმის გამო 84-ე წუთზე შეწყდა. იმ დროისთვის ანგარიში ამსტერდამელთა სასარგებლოდ 3:2 იყო.
ნიდერლანდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სიტუაციით უკმაყოფილო მიქაუტაძემ, თანაგუნდელ ჩუბა აკპომთან ერთად, ვალვაიკთან თამაშის წინ პრეტენზიით მორის სტეინს მიმართა, მაგრამ მწვრთნელმა პასუხად ორივე კვლავ სათადარიგოთა სკამზე დასვა, ხოლო ცენტფორვარდად ისევ ბრაიან ბრობბი გაამწესა.
"აიაქსის ფეხბურთელები მიქაუტაძე და აკპომი უკმაყოფილო არიან სათამაშო დროითა და პოზიციით, რომელიც მათ სტეინის გუნდში აქვთ და დაინტერესდნენ, თუ როდის მიეცემათ ფორვარდის პოზიციაზე გამოსვლის შანსი. მათ სტეინს აცნობეს, რომ მარჯვნივ ან "ათიანზე" თამაშს აზრი არ აქვს და ურჩევნიათ, სკამზე ისხდნენ", - წერს ადგილობრივი მედია.

გიორგი მიქაუტაძეც და ჩუბა აკპომიც აიაქსში აწ უკვე ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა მიიყვანა. ამსტერდამელებს მეციდან ქართველის ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდათ, მიდლსბროს კი ინგლისელის სანაცვლოდ 12,3 მილიონი გადაუხადეს.
კომენტარები