Thumbnail

კანელომ ჩარლოს გადაუარა - მექსიკელი ისევ აბსოლუტური ჩემპიონია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • კანელო ალვარესი 119:108, 118:109, 118:109 ჯერმელ ჩარლო
  • საულ ალვარესმა სუპერსაშუალო წონის ქამრები შეინარჩუნა

დღეს, 1-ლი ოქტომბრის გამთენიისას საულ კანელო ალვარესმა (60-2-2) მსუბუქი საშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონი ჯერმელ ჩარლო (35-2) დომინანტურად დაამარცხა და სუპერსაშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი შეინარჩუნა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლას ვეგასში გამართული ჩხუბი მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა, მექსიკელს კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია - ერთმან მსაჯმა კანელოს სასარგებლოდ 119-108 დაწერა, ორმა 118-109. კანელომ ჩარლო მე-7 რაუნდში ნოკდაუნში გაუშვა, რაც ამერიკელის კარიერაში მეორედ მოხდა. 

მთელი ბრძოლის მანძილზე დომინანტი ალვარესი იყო და ბოლო რაუნდებში ნოკაუტით გამარჯვებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. 38 წლის ჩარლომ 2 წონით მაღალ დივიზიონში პირველად იჩხუბა და მეტოქეს რამდენიმე სოლიდური მუშტიც მოარტყა, თუმცა კანელოს შესაჩერებლად ეს საკმარისი არ იყო. 

ალვარესმა მიმდინარე წელს ქამრები მეორედ დაიცვა, პირველად, 6 მაისს ჯონ რაიდერი (32-6) მექსიკაში დაამარცხა. ჩარლოსთან მოგების შემდეგ კანელომ განაცხადა, რომ მასთან გამარჯვება არავის შეუძლია.

"კანელოს დამარცხება არავის შეუძლია. ყველამ ვიცით, რომ ჯერმელი ძალიან მაგარი მოკრივეა, რინგზე საოცრად გადაადგილდება. სხეულზე შეტევაზე 3 თვე ვმუშაობდი, ეს პერიოდი მთებში გავატარე, ოჯახისა და ყველაფრის გარეშე. ნოკაუტით მოგება მინდოდა, მაგრამ არა უშავს, 12 რაუნდის მანძილზე ვაჩვენე, რომ საუკეთესო და მასზე ძლიერი მოკრივე ვარ," - თქვა ჩემპიონმა.

ჯერმელ ჩარლოს განცხადებით, ის წონას შეიცვლის, ქვესაშუალო დივიზიონში ჩავა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივე ტერენს კროუფორდს (40-0) დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ კანელოსთან ჩხუბის დაწყებისთანავე ჩარლომ WBO-ს მსუბუქი საშუალო წონის ქამარი დაკარგა და დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს ტიმ ცზიუს (23-0) სახით. ტიმი, რომელიც ავსტრალიის სახელით ასპარეზობს, წარსულში მსოფლიოს რუსი ჩემპიონის, კოსტია ცზიუს შვილი გახლავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები