- რომას სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდი სტარტი აქვს
- ჟურნალისტებმა ჟოზე მოურინიოს "მესამე სეზონის სინდრომზე" ჰკითხეს
რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის პრობლემებზე საუბრისას მანჩესტერ სიტის დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა ახსენა. რომას სერია ა-ში ძალიან ცუდი სტარტი აქვს - პირველ ექვს ტურში პორტუგალიელის ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და სამჯერ დამარცხდნენ.
ფროზინონესთან შეხვედრის წინა პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა "განსაკუთრებულს" ჰკითხა, ჩავარდნა იყო თუ არა დაკავშირებული ე.წ. "მესამე სეზონის სინდრომთან". ჟოზეს თქმით, აღნიშნული საკითხი რომას თამაშთან არაფერ შუაშია.
"არ ვფიქრობ, რომ "მესამე სეზონის სინდრომი" მოქმედებს. ვთვლი, თუ ადამიანს ყველაფერი რიგზე აქვს, არაფერი იცვლება. არ არსებობს მესამე, მეხუთე და მეათე წელი, რომლის დროსაც რაღაცები რთულდება. პირველი სეზონის მიმდინარეობის დროსაც ჩნდება პრობლემები, თუ ადამიანურ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ. თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ მეგობრებად 50 წლის მანძილზე დავრჩეთ. ამ ყველაფერს, როგორც მარათონს, ისე ვუყურებ. მარათონი 4-5 წელი გრძელდება და ამ პერიოდს გუნდთან ერთად ატარებ. როცა სიყვარულს აღარ იგრძნობ, უნდა თქვა: "უკვე საკმარისია!"

ზოგჯერ ურთიერთობისგან ვიღლებით, ისე, რომ პრობლემებს სახელს ვერ ვუძებნით. არიან მწვრთნელები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლიათ ხარჯვა. ისინი მოთამაშეებს ყოველწლიურად უპრობლემოდ ცვლიან. მაგალითად, მანჩესტერ სიტის გვარდიოლა ჰყავს, მას 100 მილიონის გადახდა მარტივად შეუძლია. ვფიქრობ, ათვლის წერტილი არა წლები, არამედ ურთიერთობებია, რომლებიც ან გვაქვს, ან არა. ჩვენს შემთხვევაში, ურთიერთობები არსებობს," - განაცხადა ჟოზემ.
რომა სერია ა-ში ჩატარებული 6 შეხვედრის შემდეგ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. დღეს, 1-ელ ოქტომბერს რომაული გუნდი საკუთარ მოედანზე გიორგი კვერნაძის ფროზინონეს უმასპინძლებს. მატჩი, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.
კომენტარები