- მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს
- ტოტენჰემთან შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა ისაუბრა
ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლივერპული ტოტენჰემს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. შეხვედრის მიმდინარეობისას მსაჯებმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს.
მთავარმა არბიტრმა, საიმონ ჰუპერმა ვიდეორეფერის დახმარებით ჯერ კერტის ჯონსი გააძევა, შემდეგ კი ორი ყვითელი ბარათის შემდეგ მოედანი ჟოტას დაატოვებინა. ყველაზე დიდი გამოხმაურება კი ლუის დიასის გაუქმებულ გოლს მოჰყვა, რის გამოც PGMOL-მა განცხადება გამოაქვეყნა, რომ მსაჯთა ბრიგადა ამ ეპიზოდში შეცდა და VAR-ის ჩარევის შემდეგ ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ 69-ე წუთის შემდეგ მერსისაიდელები 9 კაცით დარჩნენ, მათ ბოლო წამამდე შეინარჩუნეს ქულის მოპოვების შანსი, მაგრამ 96-ე წუთზე მატიპმა საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა.

იურგენ კლოპი შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაცხარებული იყო და პრესკონფერენციაზე ყველა ამ მომენტზე ისაუბრა.
"არასდროს მინახავს თამაში ამდენი უსამართლო გარემოებებით და გიჟური გადაწყვეტილებებით. კერტის ჯონსის ეპიზოდზე ყველა აქ, ალბათ, ფიქრობს, რომ წითელი ბარათი უნდა მიეცათ, მაგრამ მე ვთამაშობდი ფეხბურთს, თქვენ კი - არა. როცა ამას შენელებული კადრით უყურებ, საშინლად ჩანს, მაგრამ რეალურ დროში ეს ასე ცუდად არ გამოიყურება. შეხვედრა რეალურ დროში მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ მას შენელებულ კადრში ვაფასებთ. კერტისი ახლოსაც არ იყო ამის ძალით გაკეთებასთან, ჩვენ უხეში გუნდი არ ვართ.
როგორ შეიძლება ჟოტას ამ მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიეღო და ისე გაეძევებინათ. პირველ შემთხვევაში შეხება თითქმის არ ყოფილა და რა თქმა უნდა, მისი ბრალი არ იყო. ზუსტად ეს არის პრობლემა, ბევრი რაღაც დაგროვდა. როდის გსმენიათ ბოლოს ისეთი თამაშის შესახებ, რომელშიც 11 ფეხბურთელი 9-ს უპირისპირდებოდა? ახლოს ვიყავით, რომ 11 v 8 ყოფილიყო. ამ მატჩში უხეში ჯარიმები არ ყოფილა. უხეში მოთამაშეები არ ვართ. ფეხბურთელებმა სუპერინტენსიური მატჩი ჩაატარეს. სიგიჟეა, როგორც ვიბრძოლეთ.

საბოლოო ჯამში, ვერაფერი მივიღეთ. შედეგი გაქრა, მაგრამ ეს პერფორმანსი ყოველთვის მემახსოვრება. ჩემი გუნდის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე - უფრო მეტი ვიდრე მოგების შემთხვევაში ვისწავლიდი. არ იფიქროთ, რომ ამ მარცხისგან არაფერი გვისწავლია.
დიასი თამაშგარეში არ იყო, ხაზები არასწორად გაავლეს. რთულია ამასთან შეგუება", - აღნიშნა კლოპმა.
ტოტენჰემი 17 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, ლივერპული კი 16 ქულით მეოთხეზეა.
კომენტარები