- ივან იურიჩმა ჰელას ვერონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
- ხორვატმა სპეციალისტმა საბა საზონოვის შესახებაც ილაპარაკა
ტორინოს მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა ვერონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ხორვატმა სპეციალისტმა საბა საზონოვზეც ისაუბრა და ქართველ მცველში მისი შრომისმოყვარეობა გამოარჩია. მან პარალელი პეერ სხუურსთან გაავლო და თქვა, მისნაირი დამოკიდებულება აქვს.
"ამ ბიჭში, როგორც სხუურსში, მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულება საქმისადმი, მას ეს აქვს, ყოველდღე ვუყურებთ ვიდეოებს, ხედავს რა გააკეთა კარგად და რა ცუდად, ვფიქრობ, რომ ამ 3-4 კვირაში კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, ასევე იყო თავიდან სხუურსის შემთხვევაშიც. ფეხით თამაშში სამუშაო ბევრია, სისწრაფეზეც, მაგრამ ლაციოსთან უკვე ვნახე რაღაცები, რაც სწორად გააკეთა, რასაც ადრე ვერ აკეთებდა. მას ხვალ თამაში შეუძლია", - თქვა იურიჩმა.

ხორვატ სპეციალისტს ასევე ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდათ გეგმაში ზაფხულში კიდევ ერთი ცენტრალური მცველის დამატება, რადგან კოფი ჯიჯი, დავიდ ზიმა და ახლა უკვე ალესანდრო ბონჯორნო ტრავმირებული არიან, შესაბამისად, დაცვაში გუნდს საგანგებო მდგომარეობა აქვს:
"როდესაც ჯიჯი დაბრუნდა, ვიმედოვნებდით, რომ მეორე ოპერაცია არ დასჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი ცუდად წარიმართა. ზიმას ამ პრობლემასაც არ ველოდებოდით. დავიმატეთ საზონოვი, რომელსაც მანამდეც ვაკვირდებოდით".
ივან იურიჩმა ასევე თქვა, რომ ბონჯორნო ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს, ამ პერიოდში კი ტორინოს ვერონას, იუვენტუსის, ინტერის და ლეჩეს წინააღმდეგ თამაში მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ტორინოს მოსკოვის დინამოდან 3 მილიონ ევროდ შეუერთდა და ტურინელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას დებიუტი წინა ტურში ლაციოსთან ჰქონდა, იტალიური მედიისგან კი მისმა თამაშმა დადებითი შეფასება მიიღო.
კომენტარები