Thumbnail
  • ბეტისი 3:0 ვალენსია
  • გიორგი მამარდაშვილმა 4 დარტყმა მოიგერია

ვალენსიამ ლა ლიგის მე-8 ტურში სევილიაში ბეტისთან უშანსოდ წააგო - 0:3. გუნდების კლასს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო.

მანუელ პელეგრინის გუნდმა დამაჯერებლად ხომ მოიგო, კიდევ ორი გოლი არ ჩაუთვალეს და ბევრი საგოლე მომენტიც გაანიავა. საპასუხოდ, ვალენსიამ კარში პირველად 84-ე წუთზე დაარტყა.

ბეტისი პირველი ტაიმის მიწურულს ახლო მანძილიდან ასანე დიაომ დააწინაურა, მეორე ტაიმის დასაწყისში მარკ როკამ სხვაობა გააორმაგა, ხოლო 85-ე წუთზე ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში აბდე ეზალზულიმ დააფიქსირა.

გიორგი მამარდაშვილმა 3 გოლი გაუშვა, მაგრამ მისი ბრალი არცერთი ყოფილა. 51-ე წუთზე ქართველმა მეკარემ ისკოს შორეული დარტყმა მოიგერია და სეივი იმდენად ლამაზი იყო, რომ შეიძლება ტურის საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდეს. გიორგიმ ამ შეხვედრაში 4 დარტყმა მოიგერია.

23 წლის მეკარეს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 10 გოლი აქვს გაშვებული, 2-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.

ვალენსიამ ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა, რის შედეგადაც 10 ქულით მე-9 ადგილზეა. რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 ოქტომბერს, სტუმრად მალიორკასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები