Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ძალიან ახლოსაა სამწუხარო ანტირეკორდთან - "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასზე ასპარეზობა შეიძლება მოგების გარეშე დაასრულონ, რაც ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევა იქნება. არადა, პორტუგალიასთან გამარჯვება აუცილებელი იყო (18:18) და ფიჯისთან გამარჯვებაც რომ შეიძლებოდა, ამაში შაბათს დავრწმუნდით (12:17). ამასობაში, ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი ძველებურ ფორმას იბრუნებენ - რეალთან ხვალინდელი მატჩის წინ ნაპოლიმ სერია A-ში ისევ 4 გოლი გაიტანა (4:0 ლეჩესთან). დღეს, საბა საზონოვს დიდი ალბათობით ტორინოს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. საბა ლობჟანიძე ატლანტა იუნაიტედში სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, გიორგი მიქაუტაძე კი აიაქსის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა. გასული უიკენდის მთავარი ამბები "ორშაბათის საკითხავში":


ნაპოლი | ისევ 4 გოლი რეალთან თამაშის წინ

ნაპოლი ნელ-ნელა იბრუნებს ძველებურ ფორმას და თამაშის ისეთ ხარისხს, როგორითაც შარშან ისტორია გადაწერა. ლეჩესთან სტუმრად მოგებულ თამაშში (4:0) ხვიჩა კვარაცხელიამ და კომპანიამ დაამტკიცეს, რომ კრიზისიდან გამოდიან - ნაპოლიმ ბოლო 2 თამაშში 8 გოლი გაიტანა, წინ კი მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩია, რომელიც სამშაბათს გაიმართება. ლეჩესთან კვარაცხელიას შესანიშნავი საგოლე პასი ჰქონდა. მატჩისშემდგომი კომენტარებიდან და სტატიებიდან ყველაზე საინტერესო ლეგენდარული არიგო საკის შეფასება იყო:

📋 | რა ითქვა და რა დაიწერა კვარაცხელიაზე - ნახეთ აქ.

MLS | ლობჟანიძე თვის საუკეთესოა

საბა ლობჟანიძე ატლანტა იუნაიტედში სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს შესანიშნავად შეეწყო და გასულ თვეში ოთხ მატჩში თავი 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა. შედეგად, მან გუნდში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაიმსახურა. მთლიანობაში, საბა ლობჟანიძეს ატლანტას მაისურით 6 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

ტორინო | საზონოვი დღეს ძირითადში?

ტორინოს მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა ვერონასთან დღეს დაგეგმილი მატჩის წინ საბა საზონოვზეც ისაუბრა და მისი შრომისმოყვარეობა გამოარჩია. "ამ ბიჭში მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულება საქმისადმი. ყოველდღე ვუყურებთ ვიდეოებს, ხედავს, რა გააკეთა კარგად და რა ცუდად. ვფიქრობ, რომ ამ 3-4 კვირაში კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. ფეხით თამაშში სამუშაო ბევრია, სისწრაფეზეც, მაგრამ ლაციოსთან უკვე ვნახე რაღაცები, რაც სწორად გააკეთა, რასაც ადრე ვერ აკეთებდა." - თქვა იურიჩმა. ტორინო ვერონას დღეს, თბილისის დროით 20:30-ზე ეთამაშება.

აიაქსი | მიქაუტაძე უკმაყოფილოა

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი მეციდან აიაქსში, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გამოვიდა ისეთი, როგორსაც 22 წლის ქართველი თავდამსხმელის გულშემატკივრები ისურვებდნენ. ლიგა 2-ის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი აღმოჩნდა ისეთ კლუბში, რომლის ხელმძღვანელობაში ქაოსია, გუნდს ცუდი შედეგები აქვს, ფანები გაბრაზებულები ჰყავს, მწვრთნელი კი არ ენდობა. აღსანიშნავი ის არის, რომ აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა ქართველი ფორვარდი ორივე ჯერზე მისთვის უჩვეულო პოზიციაზე - ნახევარდაცვაში ათამაშა. ნიდერლანდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სიტუაციით უკმაყოფილო მიქაუტაძემ, თანაგუნდელ ჩუბა აკპომთან ერთად, ვალვაიკთან თამაშის წინ პრეტენზიით მორის სტეინს მიმართა, მაგრამ მწვრთნელმა პასუხად ორივე კვლავ სათადარიგოთა სკამზე დასვა.

📋 | რას წერს ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე - წაიკითხეთ აქ.

რაგბი | ბორჯღალოსნები ანტირეკორდთან ახლოს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მისთვის მე-6 მსოფლიო თასზე გამოდის, ტურნირის მოგების გარეშე ჩამთავრებასთან ძალიან ახლოსაა. მსგავსი ცუდი შედეგი "ბორჯღალოსნებს" მხოლოდ სადებიუტო, 2003 წლის მსოფლიო თასზე ჰქონდათ, როდესაც ჯგუფში ოთხივე თამაში დათმეს. მას შემდეგ კი ტურნირში, სულ ცოტა, ერთი თამაშის მოგებას ყოველთვის ახერხებდნენ. 

📋 | მწვრთნელის და კაპიტნის კომენტარები მატჩის შემდეგ ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები